დაავადებათა კონტროლის ცენტრი გენეტიკის ლაბორატორიის მმართველს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველის, გიორგი ჩალაძის ბრალდებებს სპეციალური განცხადებით პასუხობს და მას მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩალაძეს მიმართავს, ან ბრლადებების დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებები წარმოადგინოს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართოს ან ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი თავად აპირებს პატივისა და ღირსების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

“დღეს, როცა ქვეყანა ებრძვის კოვიდპანდემიას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გახლავთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, თავს ვარიდებთ გამოვეხმაუროთ ყოველგვარ სამართლიან თუ უსამართლო კრიტიკას, ყველას გამოვეპასუხოთ, ამის არც სურვილი და არც დრო გვაქვს, რადგან ვცდილობთ ეს ძვირფასი დრო მოვახმაროთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულებას.

ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი სინდისის და შეხედულებისამებრ იყენებს ამ უფლებას, ამავდროულად, მიუხედავად მუშაობის მძიმე რეჟიმისა, უპასუხოდ და უყურადღებოდ არ ვტოვებთ ნებისმიერი პირის თუ ორგანიზაციის არც ერთ წერილობით კითხვას თუ მოთხოვნას, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ის. ესეც არის ჩვენი ვალდებულება და საქმიანობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ახლა ყურადღება უნდა შევაჩეროთ მოქალაქე გიორგი ჩალაძის დაუსრულებელ და განგრძობად ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელთა ფარგლებიც გასცდა ერთი კონკრეტული ადამიანის ლანძღვა-გინებას, საკანში გამოკეტვის მუქარას და უკვე მთლიანად ცენტრის თანამშრომელთა მიმართ ბრალდებებში გადაიზარდა. ბატონი გიორგი, რომელიც განათლებით იურისტი ყოფილა და თავი ეპიდემიოლოგადაც თუ ლაბორატორიის მცოდნედაც მოაქვს, სისტემატურად, სატელევიზიო არხებიდან, საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით გვადანაშაულებს, რომ მივითვისეთ და გავფლანგეთ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები თუ მილიარდები, არარაციონალურად გამოვიყენეთ პანდემიის სამართავად მობილიზებული თანხა, არ შევიძინეთ ტესტები თუ სახარჯი მასალები ან შეძენილია დარღვევით და უცნობია რა თანხა იქნა გადახდილი. ერთი სიტყვით, რაც ქვეყანაში ბატონი გიორგის გადასახედიდან მართვის ხარვეზი და შესაძლო პრობლემაა, არის ცენტრის ბრალი. სხვა სტრუქტურების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, სავარაუდოდ ისინი პასუხს გასცემენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, ცენტრის რომელ ხელშეკრულებებზე და რის გასაიდუმლოებაზე საუბრობს გაუგებარია, რადგან ჩვენს უწყებაში საერთოდ არ არსებობს ბრძანება რომელიმე საკითხის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, ყველა შესყიდვა და თანხა არის ღია, გამოქვეყნებულია საჯაროდ და მიეწოდება ყველას ვინც კი მოითხოვს ამ სახის ინფორმაციას. შესაბამისად, მისი განცხადებები აღარ არის არც კონსტრუქციული და საღი კრიტიკა, არც სიტყვის თავისუფლება და არც ჯდება რაიმე საზღვრებში. ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება, ზღვარგადასული უტიფრობა ადამიანისა, რომელიც უპასუხისმგებლოა საკუთარ განცხადებებში. ამიტომ მივმართავთ ბატონ გიორგის, მისი რამდენიმეთვიანი ბრალდებების სიიდან წარმოადგინოს თუნდაც ერთი დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულება, ან მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიმტკიცოს რა ზიანი მივაყენეთ ქვეყანას და ხალხს, ხოლო ასეთის დროულად წარმოუდგენლობისას, გამობრძანდეს და მოიხადოს ბოდიში იმავე საჯარო სივრციდან, მისი ცილისმწამებლური და აბსურდული განცხადებების გამო იმ დაწესებულების მიმართ, რომლის თანამშრომლებიც მუდმივ რეჟიმში არიან ქვეყნის სამსახურში და თავგანწირვით მუშაობენ პანდემიის დასამარცხებლად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გამოიყენებს საკუთარ უფლებას და მიმართავს სასამართლოს პატივისა და ღირსების დასაცავად. არავის მივცემთ უფლებას, ვინმეს დავალებით თუ საკუთარი უპასუხისმგებლო გამოხტომებით შელახოს ამ ქვეყნის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი უწყების და მასში მომსახურე პროფესიონალების იმიჯი და თავმოყვარეობა“, - ნათქვამია დაავადაბათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:დაავადებათა კონტროლის ცენტრი გენეტიკის ლაბორატორიის მმართველს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა