აუდიტის სამსახური - 5 საინვესტიციო პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი 0%-ითაა ათვისებული - 8 თვეში საკრედიტო სახსრების ათვისება 60%-ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში

5 საინვესტიციო პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი 0%-ითაა ათვისებული. 2020 წლის 8 თვეში საკრედიტო სახსრების ათვისება 60%- ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საინვესტიციო პროექტების შეფერხებით განხორციელებაზე მიუთითებს. მოხსენების თანახმად, 14 საინვესტიციო პროექტზე 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ჯამურად 125.4 მლნ ლარის ათვისება, საიდანაც 8 თვეში ათვისებულია მხოლოდ 20%, შესაბამისად,104 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა.

კერძოდ, ათვისების 0%-იანი მაჩვენებელი აქვს შემდეგ პროექტებს: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება; ბათუმის ავტობუსების პროექტი; თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი; თბილისის მეტროს პროექტი და COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის სფეროს ღონისძიებების დაფინანსება.

რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებზე თანხების დაბალი ათვისების მიზეზებს, მოხსენების თანახმად, პროექტების განმახორციელებლების ინფორმაციით, ძირითადად პროექტების შემაფერხებელი მიზეზებია: დონორებთან მოლაპარაკებების გაჭიანურება, პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებული ხარვეზები, ცვლილებები ხელშეკრულებაში, სატენდერო პროცედურების გაჭიანურება, პროექტის დაგეგმვის პროცესის გაჭიანურება, პანდემიით გამოწვეული შეფერხება.

აუდიტის სამსახურის მოხსენების თანახმად, საინვესტიციო პროექტებისთვის გამოყოფილი კრედიტის დროულად აუთვისებლობის გამო მთავრობას 2020 წლის 8 თვის განმავლობაში კრედიტორებისთვის დამატებით 5.4 მლნ ლარის გადახდა მოუწია.

„საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, 29 საინვესტიციო პროექტის ფარგლებში გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.4 მლნ ლარს შეადგენს“,-აღნიშნულია მოხსენებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა