IDFI - COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით, COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

მათივე ცნობით, კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან- ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.

საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ კი 625,537 ლარი შეადგინა. ამასთან, მხოლოდ ნოემბერში დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც IDFI-ში აცხადებენ, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე COVID-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.

„გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. ვთვლით, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რათა მოხდეს მეტი კონკურენციის უზრუნველყოფა",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია შესყიდვების სააგენტოს რეკმენდაციით მიმართვს, რათა მან უზრუნველყოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ღია, დამუშავებად ფორმატში განთავსება. გარდა ამისა, სააგენტომ COVID-19-თან დაკავშირებული შესყიდვები ცალკე საფუძვლად უნდა გამოყოს ან მსგავსი შესყიდვების შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება უზრუნველყოს.

იხილეთ ვიდეო:IDFI - 21 მარტიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა