ორი ტიპის ოპოზიცია არსებობს. ერთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, ეს სჭირდება საქართველოს და ჩვენს მომავალს, და მეორე, რომელიც საფუძველს ეძებს, რომ ჩაიშალოს ეს შეთანხმება , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" იქნება იქ, სადაც იქნება ოპოზიცია, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებებს, ერთი პარტიის წარმომადგენლისგან, მეორე პარტიის წარმომადგენლისთვის მითითების მიცემა ან შეფასება, არ მგონია, სწორი. ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. მე შეიძლება არ მომწონდეს, რაც ალეკო ელისაშვილმა თქვა, ვეთანხმებოდე, ან არ ვეთანხმებოდე, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია, ვთქვა, რომ არ ვეთანხმები მის მიმართ დამოკიდებულებას. იმის გამო, რომ ადამიანს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება, ის არ უნდა გახდეს დამუშავებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელს" ოპოზიციის პოზიციისგან განსაკუთრებული წითელი ხაზები არ აქვს.
"ჩვენ ვმონაწილეობთ ოპოზიციურ ფორმატში. იქნება ხელისუფლებისგან შეთავაზება, ამ შეთავაზების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ოპოზიციური პარტიები, იმ აზრზე ვართ ჩვენც. ცალკე დღის წესრიგი არ გვაქვს. მიუხედავად იმისა ძალიან განსხვავებული პოზიციები გვაქვს იმ პარტიებისგან, რომლებიც შეხვედრაზე არიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვართ სხვა პარტიის ლიდერებივით, რომ დომინანტური აზრი, რასაც ჩაგვძახებს, იმას ამოვძახებთ, ეს არის ჩვენი განსხვავება. ორი ტიპის ოპოზიცია არსებობს, ერთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, სჭირდება საქართველოს და ჩვენს მომავალს და მეორე, რომელიც საფუძველს ეძებს, რომ ჩაიშალოს ეს შეთანხმება. ანუ არიან პარტიები, რომლებიც ისეთი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან, როგორც "სტრატეგია აღმაშენებლი". ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მეორე გზა არის უფრო მძიმე, თუ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება, ვიდრე ის, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული",- განაცხადა მან.