პაატა ზაქარეიშვილი - საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ „არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს ამ კუთხით საერთოდ არ უმუშავია.

მისივე განცხადებით, 9 წელი „გამაოგნებლად მაღალი“ ციფრია.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, რომელიც სასჯელის ვადას მინიმუმამდე დაიყვანდა.

ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ ჰყავს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გავლენ კონტაქტზე აფხაზურ მხარესთან.

„ირაკლი ბებუას ჰყავდა ადგილობრივი, სახაზინო ადვოკატი. საქართველოს, რაც შეეძლო, რომ გაეკეთებინა, უნდა დაექირავებინა საკმაოდ ძლიერი ადვოკატი და მას დაეცვა მისი უფლებები. 9 წელი ძალიან ბევრია, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო 2-3 წელი და შემდეგ უფრო იოლია მუშაობა სასამართლოს შემდგომ პროცესებზე - შეწყალებაზე და რაღაც-რაღაცებზე. 9 წელი რომ მისცეს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ უმუშავია სახელმწიფოს. უნდა აეყვანათ ადვოკატი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა ამ ვადას. მერე საჭიროა პირდაპირ მოლაპარაკებები. ჟენევა კარგია, მაგრამ მე ისე გამოვიყვანე შვიდი პატიმარი, რომლებსაც 7-დან 12 წლამდე ჰქონდათ მისჯილი, ერთი კაცი არ მიმიცია. ისე გავაკეთეთ, რომ არც ჟენევამ, არც წითელმა ჯვარმა არ იცოდა ამ მოლაპარაკებების შესახებ. არაფერი არ მოუთხოვიათ, ისე მოგვცეს აფხაზებმა შვიდი პატიმარი. დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ შეიგნო, რომ საჭიროა პირდაპირი კონტაქტები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მარტო ცხელი ხაზით საქმეები არ კეთდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებებისთვის საჭიროა ყველა ბერკეტის გამოყენება.

„აფხაზები ჩვენს წინაშე ვალში არიან ისევე, როგორც ოსები. საჭიროა მათთან მუდმივი ლაპარაკი. უნდა ჰყავდეთ ხალხი, რომლებსაც 10-15 - წლიანი გამოცდილება აქვთ მათთან ურთიერთობის. უამრავი საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდა პირდაპირ ცხივალი-თბილისი-სოხუმი. მე ვხედავ, რომ საერთოდ გაჩერებულია ეს მიმართულება, მხოლოდ უცხოელების საშუალებით ხდება. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს, სადამკვირვებლო მისიას და ჟენევას, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს უდგებიან ფორმალურად. სად რომ შენებურად, კავკასიურად დაელაპარაკები, ზოგჯერ ჯიგრულადაც კი და სად რომ ფორმალურად რაღაც მოხდება? საჭიროა ყველა ბერკეტის გამოყენება და ჩვენ ქართული ბერკეტი გამოვაცალეთ და დავტოვეთ მხოლოდ უცხოური ბერკეტები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - სრულყოფილი. თუ მოლაპარაკებები წავა და რაღაცაზე შეთანხმდებიან, შეიძლება ხვალვე გამოუშვან. საჭიროა არა მუდმივი დაცინვა და ზემოდან ყურება, არამედ საჭიროა, როგორც ტოლთან ლაპარაკი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, "მესიჯი არის ის, რომ არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა