ზუგდიდში, ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.
„დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ. ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება. დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.