მამუკა მდინარაძე - თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს

ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზეც მიბმულია პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსება, არის ბარიერის გადალახვა და საპარლამენტო საქმიანობა - კითხვები ამასთან დაკავშირებით სამართლებრივად არარელევატურია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კანონის დღევანდელი დათქმაა, რომ პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ ის საპარლამენტო პარტია გახდება.

“მეტი კრიტერიუმი არ არის. თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს. ის, რომ პარტია საპარლამენტო პარტია გახდა, ამიტომ ფინანსდება ბიუჯეტიდან. თუ პარტია ამ საქმიანობაზე, ამ კრიტერიუმის უზრუნველყოფაზე უარს ამბობს და არ ერთვება პარლამენტის საქმიანობაში თუნდაც პოლიტიკური ბოიკოტირების სტანდატული და ლეგიტიმური ფორმით, ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა მას საბიუჯეტო დაფინანსება, მსჯელობის საგანია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, ის ბიუჯეტის ფულით არ უნდა დაფინანსდეს, ხოლო თუკი ბოიკოტირების ფორმით მაინც იღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, მას დაფინანსება უნდა მიეცეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ და “ბოიკოტისგან განსხვავებით, საბოტაჟი პარტიის უფლება არ არის“.

“საბოტაჟის რეჟიმიდან რომ გამოვიდნენ, სახელმწიფო ამის პოზიტიურ იძულებას გააკეთებს“, - დასძინა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა