ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისრეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან ერთად კლინიკური სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ” დაათვალიერა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლუგეს ჯერჯერობით რეკომენდაციები არ გაუცია და მხოლოდ შეკითხვები დასვა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მიმდინარეობს, მაქსიმალურად ტრანსფარენტულად გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს მიმდინარე მოვლენები, რაც ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე სტუმარს აქვს საკმაოდ დატვირთული 5 დღე, რომლის განმავლობაში ის მოინახულებს და ჩაინიშნავს ყველა იმ საჭირო რეკომენდაციას, რომელსაც ვიზიტის ბოლოს აუცილებლად გაგვაცნობს. დღეს ის უბრალოდ სვამს დეტალურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს პროცესის მართვა, დაწყებული პირველი ჩივილის გამოვლენიდან. პაციენტის სრულ მოძრაობას აკვირდება. მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც მოხდება შემაჯამებელი შეხვედრა, ვისაუბრებთ, რა რეკომენდაციებს გასცემს. ჯერჯერობით მიმდინარეობს გაცნობითი სახის ვიზიტები ყველა საჭირო რგოლში”,- განაცხადა ტიკარაძემ.