პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

14 -პუნქტიანი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტზე გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ტექსტში ქვეყნების კლასიფიკაცია სწორი არ არის, მან დეპუტატებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფარგლებში შესთავაზა.

„აღნიშნულ საკითხზე ვინაიდან ის სცდება ასე ვთქვათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მსჯელობა გავაგრძელოთ საგარეო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში. თუმცა, ევროკავშირის პერსპექტივიდან გავაჟღერებ ჩემს პოზიციას, რომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოყოფა და ასე ჩაწერა რეზოლუციის ტექსტში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრიორიტეტიზაცია, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა. მე მესმის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ამის დოკუმენტში დაფიქსირება ვფიქრობ, არ იქნებოდა უპრიანი. შესაბამისად, მე გთავაზობთ, როცა ამ მუხლზე გადავალთ და განვიხილავთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფარგლებში, თანაბრად მოვიხსენიოთ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა,“- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება შენიშვნებს, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის ტექსტის იმ ნაწილს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებთან კულტურული სფეროს მიმართულებით კავშირების გაღრმავებაზეა საუბარი, დაემატა ასევე სპორტული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავება.

14 პუნქტისგან შემდგარ რეზოლუციის პროექტში, სადაც ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს მუშაობას, დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც წარედგინება.

რეზოლუციაში ასახულია ისეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-თან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები, დიასპორებთან ურთიერთობა და სხვა.

რეზოლუციაში ასევე საუბარია ისეთ ახალ პრიორიტეტებზე, როგორიცაა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ნატო-ს წევრობისთვის სტრატეგიული მზაობისკენ მისწრაფება, საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა