ირაკლი კოვზანაძე - მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, გვექნება სერიოზული განხილვა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა.­პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფარგლებში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ბიუჯეტი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის საგარეო ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ამიტომ სერიოზული განხილვა იქნება.

„განხილვის თემა იყო 2021 წლის ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, რომ რეალურად, ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის. შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკრუპულოზურად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ეს ბიუჯეტზეც აისახება, მაგრამ ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არსებული ციფრები რაც არის 18,4 მილიარდი ლარი, 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯებოდა. გამოწვევები არის ეკონომიკაში, რადგან ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში. მესამე კვარტალია, რაც საქართველო რეცესიაშია და ბუნებრივია, ეს ბიუჯეტის პროექტიც არსებულ რეალობას ასახავს.

ამ მსჯელობის დროს დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები არის, მაგრამ, როგორც გითხარით, ციფრები არის კრიტიკული. საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%, რაც მაწუხებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ახლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური პაკეტები ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესის მიმართ დახმარებები, ამ პროექტში არის ჩადებული“,- განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა