Covid 19-ის პანდემიის მიუხედავად პენიტენციურ სისტემაში აივ ინფექცია/შიდსზე და სხვა ინფექციურ დაავადებებზე ტესტირება და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გრძელდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ინფექცია/შიდსზე უფასო ტესტირებას არასამთავრობო ორგანიზაცია - შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF Georgia) ტესტირების ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, Covid 19-ის პანდემიის გამო შექმნილი არაერთი გამოწვევის მიუხედავად, აივ ინფექცია/შიდსზე სწრაფი, ანონიმური და ტესტირებების პროცესი გრძელდება როგორც ფონდის ტესტირების ცენტრში, ასევე ფონდის მხარდაჭერით ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში, პენიტენციურ სისტემაში, პატიმრების აივ ინფექცია/შიდსზე და სხცა ვირუსულ/ინფექციურ დაავადებებზე ტესტირებას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს შიდსის ჯანდაცვის ფონდის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ ახორციელებს. ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი ვაჟა კასრელიშვილი „ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სისტემაში შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელება-გამოვლენის კუთხით არსებულ ვითარებაზე, ესაუბრა.

„პენიცენტიურ სისტემაში აივ ინფექცია/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების პრევენცია და პროფილაქტიკა წლების განმავლობაში მიმდინარეობს. პატიმრებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ტესტირება, ისე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა. რაც შეეხება აივ ინფექცია/შიდსს, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით აივ ინფექციის/შიდსის პრევალენტობა პენიტენცურ სისტემაში ყოველთვის მეტი იყო. აივ ინფიცირებულთა რაოდენობა სავარაუდოდ, 10 000 პატიმარზე დაახლოებით 60-70-ია.

ტესტირებას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ციხეებში, ასევე ზოგად მოსახლეობაში, რადგან დაავადების ადრეული გამოვლენა მკურნალობაში ადრეულ ჩართვას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას. 2020 წლის დასაწყისში, პენიტენციურ სისტემაში შიდსის პრევენციისა და პროფილაქტიკის კუთხით შიდსის ჯანდაცვის ფონდის ჩართვა მეტად მნიშვნელოვანი იყო. ამან ხელი შეუწყო როგორც ტესტებით, ასევე, კოვიდთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფილაქტიკური საშუალებით მომარაგებას. კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ციხეებში ტესტირება შედარებით გვიან დავიწყეთ, თუმცა ახლა პროცესი უკვე გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელსაც AHF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ყოველთვიურად, აივ ინფექცია/შიდსზე დაახლოებით 200 - 300 პატიმრის ტესტირება ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყოველთვიურად გვაქვს თითო ახალი დადებითი შემთხვევა. მათი გამოვლენა, კი ხელს უშლის დაავადების გავრცელებას.

აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და პროფილაქტიკის თვალსაზრისით და იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, რაც ინფიცირებულების მაქსიმალურად გამოვლენას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ორი რამ - პირველი, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა; და მეორე, ადამიანმა რომელსაც რაიმე საეჭვო, სარისკო ქცევები აქვს, აუცილებლად უნდა მიმართს შესაბამის დაწესებულებას, ჩაიტაროს ადრეული ტესტირება, რათა მოხდეს დაავადების ადრეული გამოვლენა და შემდგომ მკურნალობაში ჩართვა. მით უმეტეს, რომ ეს ტესტირება უფასო და ამავე დროს, ანონიმურია“, - აღნიშნა ვაჟა კასრელიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თანადგომა“ პროექტის კოორდინატორი საპატიმროებში დაავადებულთა დისკრიმინაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე, სტიგმასთან ბრძოლასა და აივ ინფექცია/შიდსზე ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე ღონისძიებებზე საუბრობს:

„2020 წლამდე, სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო ციხეებში სპეციალური შეზღუდვები ამოქმედდებოდა, ჩვენი ორგანიზაცია სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით ტრენინგებს ატარებდა როგორც პატიმრებთან, ასევე - ციხის პერსონალთან. ამან ხელი შეუწყო სტიგმისა და დისკრიმინაციის გარკვეულწილად შემცირებას, დაავადების მიმართ ცნობადობის გაზრდას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისთვის, რომ ამ ადამიანების დაავადების ნიშნით სტიგმატიზაცია არ მოხდეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე მივმართეთ პენიტენციურ სისტემას იმის შესახებ, რომ სამომავლოდ გვსურს, დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში თავად პატიმრები ჩავრთოთ. არსებობს ე.წ. თანასწორთა განათლების მეთოდი, სადაც თვითონ იმ ჯგუფის წარმომადგენლები გადამზადდებიან, სადაც ამ დაავადების პრევენცია და პროფილაქტიკა ხდება, ხოლო შემდგომ დაავადების შესახებ ინფორმაციას ისინი გაავრცელებენ. სწორედ, აღნიშნული მეთოდის დანერგვა გვინდა, რადგან კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, გარედან შესვლა და პატიმრებთან კონტაქტი შეზღუდულია“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ პროექტის კოორდინატორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს პროგრამის მენეჯერის, ნინო ხეთაგურის თქმით, ფონდის მთავარი მიზანი საქართველოში აივ ინფექციის პრევენციაა, რაც აივ-ზე უფასო და ანონიმური ტესტირებით გზით ხორციელდება. ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ხეთაგურმა ტესტირების პროგრამის მიმდინარეობასა და აივ ინფიცირებულების მართვაზე ისაუბრა.

„ადამიანებს, რომელთაც სწრაფი ტესტის საშუალებით აივ ინფექცია გამოუვლინდებათ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ვამისამართებთ და ერთობლივ მეთვალყურეობას ვაწარმოებთ, რათა აივ ინფიცირებულმა დროულად დაიწყოს მკურნალობა. შიდსი იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს და როდესაც ადამიანი მკურნალობაზეა, მისი იმუნიტეტი თითქმის ჯანმრთელი ადამიანის იმუნიტეტს უთანაბრდება. დღეისათვის, აივ ინფექციის განკურნება არ ხდება, თუმცა მკურნალობა იმდენად ეფექტიანია, რომ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც ჯანმრთელმა, მათი ცხოვრების ხარისხი თითქმის ანალოგიურია. შესაბამისად, ჩვენი ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთან გამოვლენილი აივ ინფიცირებულების მეთვალყურეობაა, რადგან უკვე დაწყებული მკურნალობის შეწყვეტა, შემდგომში რეზისტენტობას იწვევს და მკურნალობის თავიდან დაწყება არაეფექტური ხდება. ჩვენი პროგრამა ასევე აფინანსებს პარტნიორ ორგანიზაციას პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში აივ-ზე სწრაფი და მარტივი ტესტირებას აივ ინფექციის პრევენციის მიზნით. ამასთან, ჩვენ ვუზრუნველყოფთ პატიმრებისთვის აივ ინფექცია/შიდსზე საინფორმაციო მასალის მომზადებას და კონდომების გადაცემას, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების შეჩერებას“, - აღნიშნა AHF საქართველოს პროგრამის მენეჯერმა.

როგორც ნინო ხეთაგურმა აღნიშნა, დაავადების პრევენციის საუკეთესო გზა ტესტირებაა. ამიტომ, სასურველია, ყველა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რისკჯგუფების წარმომადგენლები პერმანენტულად ახდენდნენ აივ ინფექცია/შიდსზე საკუთარი სტატუსის შემოწმებას.

„სასურველია, აივ ინფექციაზე ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტირება, თუმცა არიან გარკვეული რისკჯგუფები, რომლებიც მის მიმართ უფრო მოწყვლადია, მაგალითად, ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები და მათი პარტნიორები, სექსუალური უმცირესობები, კომერციული სექს-მუშაკები და ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კავშირი. სასურველია, მათ აივ-ზე ტესტირება გაიკეთონ, თუმცა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ანალიზის სიზუსტისთვის ტესტირება სარისკო ქცევიდან 2-3 თვის მერე უნდა მოხდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიმართოს ჩვენს ცენტრს და ჩაიტაროს უფასო და ანონიმური კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე; ასევე, მიიღოს შესაბამისი, მისთვის საინტერესო ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ხეთაგურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა