ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მხარს არ დაუჭერს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომ ამნისტიის შესახებ პროექტი გარკვეულ ოჯახურ დანაშაულებსაც შეეხოს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამ ინიციატივას ფრაქცია "ქართული ოცნების" უმრავლესობის თანხმობა არ ექნება.
ამასთან, მდინარაძის თქმით, თუ პრაქტიკაში შეცდომები ხდება და დაბრალების გამო შესაძლოა, ვინმე ციხეში მოხვდეს, ეს გასასწორებელი იქნება, თუმცა სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას ოჯახში ძალადობის მიმართ მიდგომა არ შეიცვლება.
გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, იდეალურთან მიახლოებული ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და "აბსოლუტურად იდეალურ პროექტს ვერ დადებენ".
"მე ამის წინააღმდეგი ვიქნები. ამ წინადადებას ფრაქცია "ქართული ოცნებაში" უმრავლესობის თანხმობა არ ექნება. სისხლის სამართლის პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. სხვა ყველა ის სამართალდამცავი უწყება, რომელიც ამ სფეროში მუშაობს ამ პოლიტიკის გამტარებელია. პოლიტიკა ოჯახში ძალადობის მიმართ ლოიალური ვერ იქნება. ერთადერთი არგუმენტი აქვთ ხოლმე პირად საუბრებში, რაზეც გვეუბნებიან, რომ არის შეცდომები - ვიღაც იჩაგრება და ვიღაცას შეიძლება დაბრალდეს. ეს არის პრაქტიკაში გასასწორებელი. შეგვიძლია მივუთითოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუ მსგავსი შეცდომები ხდება პრაქტიკში და ვიღაცის დაბრალების გამო შესაძლოა ვინმე ციხეში მოხვდეს, ეს გასასწორებელი იქნება. ძალიან ყურადღებითაა აქ საჭირო მიდგომა. რაც შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ მიმართულებით ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით კონცეფციის დონეზე გვაქვს განსაზღვრული და ეს მიმართულება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, შესაბამისად, ეს მუხლი ამნისტიაში არ მოხვდება",- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოდის, რომ ამნისტიის პროექტი გარკვეულ ოჯახურ დანაშაულებსაც შეეხოს. ხუნდაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ დანაშაულს გამართლება არ აქვს, ამნისტია მაინც შეიძლება შეეხოს მათ, ვინც ასეთი დანაშაული პირველად ჩაიდინა, ამავე დროს თანხმობა აქვს გათავისუფლებაზე ოჯახიდან, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულება დადებითად ახასიათებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრის.