პროკურორი - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა - საქმე არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება გამოძიებას აგრძელებს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი პირის მიმართ. კერძოდ, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ. მათ ბრალად ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტოგრაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ, უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და გამოძიების შედეგების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა