ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელსაც კასპში ორი პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს თუ როგორი იყო გიორგი მენაბდიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა. პროკურატურის განმარტებითვე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, მძევლად ხელში ჩაიგდო ორი პირი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. გიორგი მენაბდიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

„საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას.

სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი