რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ოფიციალურად 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა. უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1200-მდე ახალგაზრდამ დააფიქსირა, თუმცა მაღალი ბარიერის გადალახვა 250-მდე სტუდენტმა შეძლო. სწავლა უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და მას ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ევროპელი პროფესორები წარმართავენ. რა გეგმები აქვს KIU-ს, რა პროგამებით მიდის სწავლება, როგორია კამპუსი და რა ბენეფიტები აქვთ სტუდენტებს როგორც გარე დაფინანსების, ასევე შიდა დაფინანსებასთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" ამ და სხვა თმებზე უნივერსიტეტის კანცლერს, მაგდა მაღრაძეს ესაუბრა:

- ქალბატონო მაგდა, როგორც ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი სამ პროგრამაზე: კომპიუტერულ მეცნიერებებზე, მათემატიკასა და მენეჯმენტზე მიიღო. პანდემიის გათვალისწინებით რამდენად შეძლო უნივერსიტეტმა დასახული გეგმების შესრულება?

- წელს სამ პროგრამაზე 250-მდე სტუდენტი მივიღეთ. KIU-ს პროგრამები შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც ჩვენი პარტნიორია. წელს, ჩვენი სტუდენტები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ის გამორჩეული ახალგაზრდები არიან, რომლებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გადალახეს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საკმაოდ მაღალი ბარიერი. ერთადერთი გამოწვევა, რაც შეგვექმნა იყო ის, რომ წელს უცხოეთიდან სტუდენტების მოზიდვა გაგვიჭირდა, რადგან პანდემიის პერიოდში მობილობა შეზღუდულია. სხვა მხრივ ყველა გეგმა, რაც იყო დასახული, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარება, სტუდენტური საცხოვრებლების გახსნა და ა.შ., წარმატებით შევასრულეთ.

გარდა სასწავლო პროცესისა, უნივერსიტეტის ბაზაზე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ვითარდება. ეს გახლავთ პირველი საუნივერსიტეტო ქალაქი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 153 ჰექტარ მიწაზე, ტყიან მასივში მდებარეობს. მიმზიდველი გარემოა შექმნილი, როგორც სწავლა-სწავლებისთვის, ასევე სამეცნიერო კვლევისა და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისთვის. ამასთან, გეტყვით იმასაც, რომ წელს ფონდმა "ქართუმ" ხელი მოაწერა 40 მილიონი ევროს ხელშეკრულებას, ადრონული თერაპიის სფეროში აღჭურვილობის მწარმოებელ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, რომელიც ჩვენთვის პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად დანადგარებს ამზადებს. გეგმა გვაქვს, რომ 2024 წლის მერე გავხსნათ აღნიშნული ცენტრი. ეს იქნება კიბოს მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო და ასევე კვლევითი დაწესებულება, უნიკალური სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

- გარდა ამ სამი საგანმანათლებლო პროგრამისა, მომდევნო წლებში, თუ გეგმავთ სხვა მიმართულებების დამატებას?

- მომავალ, 2021-2022 სასწავლო წელს ჩვენი უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას დღეს არსებულ მენეჯმენტის, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. რაც ეხება ახალ პროგრამებს, ამ მიმართულებით, მოლაპარაკებები ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტთან მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს დავაანონსებთ ახალი პროგრამებს, თუმცა პანდემიის გამო შესაძლოა, ეს პროცესი ცოტა გახანგრძლივდეს და ახალი პარტნიორების შემოყვანა გადავადდეს. ახალი უნივერსიტეტების და პროგრამების შემოტანა დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს და პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დიდი გამოწვევებითაა სავსე ეს პროცესი.

- ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ პანდემიის გამო, ახალი პროგრამები 2021-2022 სასწავლო წელს ვერ დაემატება?

- უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მიმართულებით ვაპირებთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების მომავალში დამატებას. 2021 წელს შესაძლოა, დავამატოთ პროფესიული განვითარების კურსები და პროგრამები, რაზეც სხვადასხვა პარტნიორთან მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკება.

- როგორც ცნობილია, უნივერსიტეტმა, სწავლების პირველ წელს 250-მდე სტუდენტი მიიღო, სტუდენტების ოდენობის რა კვოტა იქნება მომდევნო სასწავლო წელს?

- გვაქვს ამბიცია და გეგმა, რომ მომავალ სასწავლო წელს სტუდენტების ოდენობა 1000-მდე შევავსოთ. მომავალი წლის ბოლოს უნივერსიტეტს დაემატება ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შენობები შენდება დამატებით იმისთვის, რომ KIU გაფართოვდეს და უფრო მეტი სტუდენტის მიღება შეძლოს. 2021-2022 წელს, იმედი გვაქვს, რომ ამ სამ პროგრამაზე გაორმაგებული სტუდენტების რაოდენობა გვეყოლება.

- როგორი იყო 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოთხოვნა?

- Kiu-ში სწავლების სურვილი 1200-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა ანუ ესაა ის ოდენობა, რამდენმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შემოხაზა. თუმცა, მათგან მხოლოდ 250-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. სამწუხაროდ, ყველამ, ვისაც ჩვენთან სწავლის სურვილი ჰქონდა, ვერ გადალახა ის მაღალი ბარიერი, რაც ჩვენ უნივერსიტეტს აქვს დაწესებული ერთიან-ეროვნულ გამოცდებზე და გასათვალისწინებელია და ხაზგასასმელია ის ფაქტორიც, რომ როგორც სწავლა, ასევე კომუნიკაცია ჩვენთან სრულად ინგლისურ ენაზეა. თავის მხრივ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს TUM-ს, რომელიც სრულადაა ჩართული ჩვენი პროგრამების შემუშავების პროცესში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ახალგაზრდების მონდომება, ენთუზიაზმი, სწავლისადმი დამოკიდებულება მართლაც შთამბეჭდავია და უკვე პირველივე სემესტრში საკმაოდ მაღალ შეფასებას იძლევიან ჩვენი გერმანელი და ბრიტანელი პროფესორები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწავლების დიდი გამოცდილება აქვთ.

- გარდა იმისა, რასაც აფინანსებს სახელმწიფო, გაქვთ ფონდი, რომელიც აფინანსებს როგორც სწავლას, ასევე კამპუსში ცხოვრებას. გაქვთ სტიპენდია და ასევე KIU-ს ბარათი. დღეის მდგომარეობით, რამდენ სტუდენტს დაეხმარა ეს ფონდი და რა პრინციპით არჩევთ მათ?

- წელს საქართველოს ყველა მოქალაქეს დავუფარეთ სწავლის საფასური. გარდა ამისა, ცხოვრების საფასური დავუფინანსეთ მათ, ვინც შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილა. სწავლის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის უნივერსიტეტში არის 2250 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი მნიშვნელოვნად მაღალია და განსხვავდება მიმართულებების მიხედვით. რაც შეეხება საერთო საცხოვრებლის გადასახადს, საქართველოს მოქალაქე ერთადგილიან სტუდიოს ტიპის აპარტამენტში იხდის 500 ლარს თვეში, ხოლო ორადგილიანში 250 ლარს თვეში. უცხო ქვეყნის მოქალაქე კი იმავე ოდენობით თანხას იხდის აშშ დოლარში. სტუდენტებს ასევე ენიშნებათ 200-400 ლარის ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებმა, ვისაც ეს სტიპენდია დაენიშნათ, მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა შეინარჩუნონ. ასეთი სტუდენტი დღეისათვის 61-ია, რომელთაც თვეში 200 ლარი ერიცხებათ. რაც შეეხება KIU-ს ბარათს და შესაბამისად დაფინანსებას, ამ ბარათის გამოყენება სტუდენტებს კამპუსში კვებისა და სხვა ობიექტებში მოხმარებისთვის შეუძლიათ. დღეს ეს ბარათი 20-მა სტუდენტმა მიიღო. 5-მა სტუდენტმა მოიპოვა რექტორის სტიპენდია თვეში 400 ლარის ოდენობით.

- როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები? რის განვითარებასა და დახვეწას აპირებთ?

- პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში აქტიურ მუშაობას. რადგან ერთად-ერთი უნივერსიტეტი ვართ ქვეყანაში და რეგიონში, რომელსაც აქვს ამ ზომის (153 ჰექტარი მიწის ფართობზე გადაშლილი) კამპუსი, ჩვენ საზოგადოებაში სრულად ახალ, საუნივერსიტეტო ცხოვრების კულტურას ვნერგავთ, როცა სტუდენტი ოჯახიდან დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები დამოუკიდებლობასა და თავისუფალ გარემოში ცხოვრებას შევაჩვიოთ, დავეხმაროთ მათ გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრები. უნივერსიტეტს აქვს ამბიცია გახდეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, გარდა საგანმანათლებლო-სამეცნიერო მისიის შესრულებისა. ამ მიმართულებით, დავიწყეთ ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზება. პირველი უნივერსიტეტი ვართ ქვეყანაში, ვისაც აქვს ღია ცის ქვეშ საგამოფენო სივრცე შექმნილი და სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი სტრიტარტისტების მიერ შექმნილი მიურალები (კედლის მხატვრობა). ახლა ვახორციელებთ KIU ფოტოკონკურსს, სადაც გამარჯვებული პროექტების საპრიზო ფონდი თითო 1,000 ლარიდან 10,000 ლარამდეა და გვყავს მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფებისა და ფოტოხელოვანებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური.

აღნიშნული აქტივობებით ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის მიმზიდველობის გაზრდას, არამედ რეგიონის განვითარებას. KIU ეს არა არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ სწავლა და სამეცნიერო თემებზე მუშაობა არ მიმდინარეობს, არამედ ეს არის განსხვავებული საგანმანათლებლო ქალაქი, სადაც სწავლა, ხელოვნება, კულტურა და სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთთან სინთეზშია.

- რაც შეეხება თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირებას, როგორია ამ მიმართულებით თქვენი პოლიტიკა? თუ გაქვთ ხელშეკრულებები გაფორმებული სახელმწიფოუწყებებსა ან კერძო კომპანიებთან და ამ კუთხით თქვენი პოზიციონირებაროგორი იქნება?

- KIU პროგრამების სასწავლო გეგმის მიხედვით ჩვენს სტუდენტებს მესამე კურსზე უკვე შეუძლიათ სტაჟირების გავლა. დამამთავრებლ კურსზე, კი სტუდენტებს შეეძლებათპროექტების (ე.წ. Capstone project) მომზადება, რაც გულისხმობს კომპანიებთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის, ქეისების და პროექტების მომზადებას. ჩვენ ახლა გვაქვს მოლაპარაკებები მიუნხენის ტექნიკურ უნივერსტიტეტთან, რომელსაც აქვს კერძო სექტორთან თანამშრომლობის ინოვაციური პლატფორმები. მომავალ წელს მუშაობას შეუდგება KIU-ს ინდუსტრიის საბჭო, სადაც არა მხოლოდ საქართველოში მომუშავე, არამედ უცხოეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას,რომლებიც თავის მხრივ უნივერსიტეტს კონსულტაციას გაუწევენ კერძო სექტორთან, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის ჭრილში. ასევე ვაპირებთ ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობას. უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები გერმანიისა დარამდენიმესაერთაშორისო ბიზნესასოციაციასთან და სტუდენტებს სტაჟირების პროგრამებს ერთად შევთავაზებთ. ამის გარდა გვაქვს ახალი მიმართულება, ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება კამპუსზე, რის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორს საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა