ვასილ მამულაშვილი - გურამ ამირხანაშვილი საუბრობს გადევნებასთან მიმართებაში და ეს ინფორმაცია არ არის რელევანტური მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის საქმის ცრუ მოწმეა, თუმცა, ცრუ მოწმის პირობებშიც კი, მან რელევანტური ინფორმაცია გამოძიებას ვერ მისცა.

როგორც ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, გურამ ამირხანაშვილი არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი და ვინ გადააგდო ის წყალში.

„ყველაზე მთავარი, რაც ამირხანაშვილმა განაცხადა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არის ის, რომ იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს რა ვითარებაში, რა გარემოში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები. იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, თუ როგორ გარდაიცვალა ის, გადააგდეს თუ არა წყალში და ა.შ. იგი საუბრობს გადევნებასთან მიმართებაში და მისი ეს ინფორმაცია არ არის რელევანტური მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად. გარდა ამისა, მის მიერ შესაძლო იდენტიფიცირებები ცალსახად გამოიკვეთა, რომ არის ცრუ. ვინაიდან ჩვენ წარვუდგინეთ ვიდეომასალა, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ იგი ფიზიკურად მოძრაობაში იყო, როდესაც ავტომანქანა მივიდა და ფიზიკურად ვერ დაინახავდა პირების გადმოსვლას და მათ იდენტიფიცირებას, მით უფრო, ღამის საათებში. ის დაახლოებით იყო 30 მეტრის მანძილზე. თუ ჩავთვლით, რომ ერთხელ ან ორჯერ მოიხედა, ფიზიკურად გამორიცხულია, რომ მოხედვის შედეგად 6-ვე პირის იდენტიფიცირება მომხდარიყო. გარდა ამისა, აქ სადავო რა არის, რომ ბრალდებულები მიყვებოდნენ მათ, თუმცა, ერთია გაყოლა და მეორე მკვლელობის ბრალდებისთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდება. სხვა მხრივ მან განმარტა, რომ იგი იყო სტრესულ სიტუაციაში, თუმცა, დამაჯერებლობა, რაში გამოიხატა ეს სტრესი და როგორ მოხდა რომ ორი თვის შემდეგ გამოსწორდა ეს მდგომარეობა, ამაზე პასუხები არ ჰქონდა. ცალსახად დადასტურდა, რომ ეს მოწმე არის ცრუ, თუმცა, ცრუ მოწმის პირობებშიც, მან რელევანტური ინფორმაცია საქმეზე ვერ მოგვცა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით, დარჩენილია 10-მდე მოწმე, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტები.

„მნიშვნელოვანი მოწმეები არც არავინ იყო ამ საქმეზე, თუმცა, საქმეზე დასაკითხი აღარ არის. ბრალდების მხარემ როგორც მისცა პირობა სასამართლოს, პარასკევს დაასრულებს საკუთარი მტკიცებულებების კვლევას და მომდევნო კვირიდან ჩვენ დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“, - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილს გამოძიების ეტაპზე 5 ჩვენება აქვს მიცემული. ადვოკატების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილს ბოლო, მე-5 ჩვენება რადიკალურად აქვს შეცვლილი. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ., რომელთაც ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი