პარლამენტი ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და მიმდინარე კვირასვე განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გავა. პროექტი დაჩქარებული წესით იხილება.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესი, ასევე, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები ერთჯერადი - გარდამავალი ხასიათის ნორმებით დარეგულირდება, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ლევან მგალობლიშვილი.

მათი განმარტებით, რეგლამენტში არსებული რეგულაციის ფარგლებში, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა ვერ ხერხდება.

შესაბამისად, მომზადებული პროექტი გარდამავალი ხასიათის ნორმას ითვალისწინებს, რომლითაც ძირითადისგან განსხვავებული წესი დგინდება, რაც შესაბამის სუბიექტებს საშუალებას მისცემს, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული უფლებით ისარგებლონ.

კონკრეტულად, მომზადებული პროექტის თანახმად, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს აქვს.

აგრეთვე, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 4-კაციან ჯგუფს.

გარდა ამისა, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია არ აქვს შექმნილი, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრების გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი იმ სხვა პროცედურაზეც გავრცელდება, რომელიც წარიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ან პოლიტიკური დებატებისთვის დადგენილი წესით.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი