ვიოლა ფონ კრამონი - ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება და არა ისეთი, როგორიც „ვარდების რევოლუციის“ დროს - ახლა, 2021 წელს ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საჭიროა, რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად არჩევნებში დარღვევებისა, ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო.

„მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო, მენდომებოდა, რომ ყველას თავისი მანდატი აეთვისებინა. ვიცი, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ჩართვა ვერ შეძლო - ეს ნამდვილად სამწუხარო იყო. ჩვენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მისიაში ჩართვის თაობაზე თხოვნით მივმართეთ. თუმცა, ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც იყვნენ და შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიუხედავად დარღვევებისა (სიყალბის შემთხვევები იყო), ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო. კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა და სხვა ელჩებმა, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს - მე ყველს ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ. როგორც NDI-ს კვლევით ვიხილეთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩეული პარლამენტარებისგან სწორედ ამას ელის. იგივე შემიძლია ვთქვა მეც, როგორც ევროპარლამენტარმა - მე კოლეგები მჭირდება, მსურს, რომ ერთად ვიმუშაოთ, ამ მხრივ ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი როლი მაქვს - პარტნიორები მჭირდება, სხვანაირად როგორ ვიმუშავებ? როგორ შევძლებ საქართველოს პარლამენტთან მუშაობის დაწყებას, თუ იქიდან პოზიციას არავინ გამოხატავს - თუ კომიტეტები არ იმუშავებენ, თუ ოპოზიციის ან მმართველის გუნდის მხრიდან რეფორმების ინიცირება არ მოხდება? შესაბამისად, თუ კომპრომისი რაც შეიძლება ადრე მოიძებნება, ეს ჩვენთვის შვება იქნება, რათა პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდეს. ესაა ჩემი ზოგადი შეფასება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავლის პოვნაა საჭირო.

„როგორც აღვნიშნე, არსებობს სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ისინი ღიად საუბრობენ დარღვევებსა და სიყალბეზე. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა, არც შიდა დამკვირვებლების მხრიდან, როგორიც ISFED-ია და არც სხვებისგან, იქნებოდა ეს ეუთო/ოდირი თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. თუმცა, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ ამ დარღვევების გარეშე, რეზულტატი, არჩევნების საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა. თუ არჩევნების გამეორება ან მცირე კორექცია მოხდებოდა, მაგალითად 2 ან 3%-ის - დიახ, ეს ოპოზიციისთვის უფრო ადვილს გახდიდა, რომ მუშაობას შედგომოდნენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას, ალბათ, მაინც „ქართული ოცნება“ მოიპოვებდა, მაგრამ ამაზე სპეკულირება ჩემი საქმე არაა. მე ვნახე, რომ, მაგალითად, შიდა სადამკვირვებლო პლატფორმა, რომელიც, როგორც წესი, ძალიან აპარტიული და დაბალანსებულია (მათ კერძო ინტერესი ამ პროცესში არ აქვთ, ისეთი, რომლის შემჩნევა მე შემეძლო), აშკარად აჩვენებენ, რომ განსხვავება არც ისეთი დიდია, როგორზეც ოპოზიცია აცხადებს პრეტენზიას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება, რათა მათ დაიბრუნონ თავიანთი როლი და გააცნობიერონ, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, ხალხს კონსტიტუციური, საკანონმდებლო გამოსავალი სჭირდება და არა ისეთი, როგორიც 2003-2004 წლებში გვქონდა, „ვარდების რევოლუციის“ დროს - 2021 წელს ამის დრო არ არის. ხალხი არჩეულ წარმომადგენლებს პარლამენტში ელის. მსგავსი მოლოდინი გვაქვს ჩვენც, ასევე ისიც, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები სიყალბე და ძალადობა იქნება და ისიც, რომ არც პანდემია იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. ვფიქრობ, ადგილობრივი და სხვა ტიპის არჩევნების დროს უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის უფრო მეტად სამართლიანი იყოს. თუმცა, როგორც ვთქვი, საბოლოო შედეგი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად“, - განცხადა ფონ კრამონმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს