მამუკა კაციტაძე - თუ ახალი არჩევნების 2022 წელს ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან ყრუ კედელი დახვდა, ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს არის შეუვალი პოზიცია, გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობა

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან „ლელოს“ ინიციატივაზე - სრულად პროპორციული სისტემით, 2022 წლის გაზაფხულზე არჩევნების ჩატარების შესახებ - საუბარი არ ჰქონიათ, თუმცა თუ ოპოზიციის მხრიდან ყრუ კედელი დახვდებათ, მათი გუნდის პოზიცია შეუვალი არ არის და ოპოზიციის ერთიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია.

როგორც კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა ნაკლებად მოსწრებადია და ამომრჩევლისთვის დისკომფორტს იწვევს.

„ოპოზიციას არ უმსჯელია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოხდება 2022 წლის გაზაფხულს თუ იმის იქით, ჩვენ ერთიანი ვართ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა მოხდეს. იმავე შეთანხმებაში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლაზე და საარჩევნო პროცედურების გავლაზე, რომელთა იმპლემენტაციასაც სჭირდება დრო. თებერვალი უკვე დაიწყო და ამიტომ, ჩვენ დავუშვით, რომ გაზაფხულისთვის ამის გაკეთება არამოსწრებადია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან არ არის სასურველი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ამომრჩევლის ხუთი ბიულეტენით აღჭურვა. თუ ეს ყველაფერი ოპოზიციაში კატასტროფის მომასწავებელია, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის პოზიცია, რომელიც არის შეუვალი. თუ ჩვენს წინადადებას ყრუ კედელი დახვდა ოპოზიციის მხრიდან, რაზეც საუბარი არ გვქონია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან შეუვალი თარიღის შეთავაზებას. ამ ტიპის ნიუანსების შეთანხმების აუცილებლობას წინასწარ ვერ ვხედავთ, თუმცა თუ ეს პირობა დადგა, გაცილებით მნიშვნელოვანი არის ოპოზიციის ერთიანობა და არა საკუთარი ინიციატივის „გინდა თუ არად“ ქცევა“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძის შეფასებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა, მისი ერთ-ერთი ნაწილი პარლამენტში შესვლა და შეთანხმებული ცვლილებებისთვის საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა იქნება. მისივე თქმით, ოპოზიცია კონსოლიდირებულია და როდესაც კრიტიკული მასა ერთ მხარეზეა, „პატარა ნაფშვენები“ სიტუაცას ვეღარ ცვლის.

„უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, რომლის ნაწილიც სასურველია იყოს ფასილიტატორი ელჩები. როდესაც ეს შეთანხმება შედგება, ამავე შეთანხმებამ უნდა განსაზღვროს, რა ვალდებულება უნდა აიღოს ორივე მხარემ. ოპოზიციის ვალდებულება ისიც იქნება, რომ თუკი ვთანხმდებით, მობრძანდით და ერთად უზრუნველვყოთ საკანონმდებლო ბაზა პარლამენტში იმ ცვლილებებისთვის, რომელიც გველოდება. ამ პრობლემიდან აბსოლუტური გამარჯვებული და აბსოლუტური დამარცხებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა, არ შეიძლება ასეთი მიზნის დასახვა, რომ მე ის უნდა გავანადგურო - თუ მოინდომებ სხვის განადგურებას, განადგურდები თვითონ. ამ პროცესის ლოგიკური ფინალი არის შეთანხმება.

ახლა ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად კონსოლიდირებულია. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიცია დაიქსაქსა, თუ კრიტიკული მასა არის ერთ მხარეს, პატარა ნაფშვენები და ნატეხები ოპოზიციისა სიტუაციას ვეღარ ცვლის. მესმის ხელისუფლების დამოკიდებულებაც, რომ პარლამენტში სამი ოპოზიციური პარტიაა. „მოქალაქეებმა“ თავის თავს გამოუტანეს განაჩენი და გადადგეს საბედისწერო ნაბიჯი“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპუტატობის მისჯა საქართველოში პირველად მოხდა.

„ყველაფრის მისჯა გამიგია აბსოლუტურად - ციხეში ჩასმაც, ადმინისტრაციული სასჯელიც და ფინანსურიც, მაგრამ დეპუტატობის მისჯა საქართველოში პირველად ვნახე. კანონის მიხედვით, თუ დეპუტატი ბიზნესშია ჩართული, უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ, 54-მა კაცმა უცბად ბიზნესში რომ გადაინაცვლონ, მაინტერესებს მათი არგუმენტი რა იქნება“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი