საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყველა ის პირი ჩაერთვება, რომელიც მკურნალობას როგორც ბინაზე, ასევე კლინიკაში გადიოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, კვლევა ბიუროკრატიის მოწესრიგებისთანავე, დაახლოებით 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება.

ცერცვაძის ინფორმაციით, თითო პაციენტის კვლევისთვის, დაახლოებით 5 დღე იქნება საჭირო.

„კვლევის დაწყება იგვიანებს, რადგან საჭიროა ნებართვები, ტენდერები და ა.შ. რაღაც პროცედურების გავლა და დროა საჭირო. კვლევას მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო ატარებს და ეს კვლევა მხოლოდ თბილისში ტარდება. ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი პაციენტების სია, ვინც კლინიკაში მკურნალობდა და გაეწერა და ასევე, ვინც ბინაზე მკურნალობდა. ამ კვლევაში ნახევარი იქნება ბინაზე კოვიდგადატანილი პაციენტი, მეორე ნახევარი კი ის, ვინც კლინიკაში მკურნალობდა. ჩვენ გამოვიძახებთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პაციენტებს საბურთალოდან, გლდანიდან, სამგორიდან და ა.შ. 33 ათასი კოვიდგადატანილი პაციენტის მონაცემი გვაქვს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, პოსტკოვიდური სინდრომი რამდენად ხშირია კოვიდგადატანილ პაციენტებში. ამიტომ, კომპიუტერული პროგრამა აარჩევს ცალკეულ სახელსა და გვარს, მოვიწვევთ და ჩავრთავთ კვლევაში. ეს არის კვლევა და არა ავადმყოფების მიღება და მომსახურება. ამან პირველად საქართველოში უნდა დადოს შედეგები და ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. სულ 2-3 მსგავსი კვლევაა ჩატარებული, რომლითაც შემდეგ კლინიკებმა და ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ. უნდა დავადგინოთ რამდენ პროცენტში ვითარდება პოსტკოვიდური სინდორმი, რომელი ორგანო ზიანდება უფრო, რომელი დაზიანებებია ხშირი და ა.შ. ყველაფერ ამაზე დაიდება პასუხები და ამით იხელმძღვანელებს ქვეყნის ყველა კლინიკა და ექიმი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო პოსკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ამბულატორიულ პროგრამას, რომლითაც პოსტკოვიდური სინდორმის მქონე ყველა პაციენტი მივა ექიმთან და ამ პროგრამის საშუალებით ჩაუტარდება ყველა სახის მომსახურება. ეს იქნება დაახლოებით ისეთი პროგრამა, როგორიც გვაქვს შიდსის, ტუბერკულოზის შემთხვევაში. გვარწმუნებენ, რომ კვლევის შედეგებისთვის 400 პაციენტიც საკმარისია, თუმცა ვგეგმავთ 500-ს. პაციენტს გაესაუბრება ექიმი, მოქალაქეები შეავსებენ 100-ზე მეტ კითხვიან კითხვარს, ამ კითხვარის მიხედვით, ვის რა აწუხებს, იმ ორგანოს სრული კვლევა ჩაუტარდება. პაციენტს კვლევისთვის ხუთი დღე დასჭირდება. მოქალაქეების გამოკვლევებისთვის სახლიდან ივლიან, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკაში დაწოლა არ გახდა საჭირო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა