ვახტანგ მეგრელიშვილი - თუ „ქართული ოცნება“ მართლა თანხმდება უბარიერო პროპორციულ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ის უარს აცხადებს საშვილიშვილოდ ძალაუფლების უზურპაციაზე

თუ „ქართული ოცნება“ მართლა თანხმდება უბარიერო პროპორციულ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უარს აცხადებს საშვილიშვილოდ ძალაუფლების უზურპაციაზე. თუ ასეთი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ამაზე უარს აცხადებს, ჩემი მოვალეობაა, რომ არამხოლოდ ასეთ რამეს მხარი დავუჭირო, არამედ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი შესაძლებლობა ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს ახსნილი ის პირობა, რომელიც გუშინ მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.

„მთავარი საკითხი ამ ყველაფერში არის სრულად პროპორციული, უბარიერო არჩევნები, არა როგორც ერთჯერადი, არამედ როგორც ქვეყნისთვის პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი წესი. მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაკომპლექტოთ პარლამენტი და არათუ „გირჩი“ ვართ მზად, არამედ ყველას აზრი გვაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენ ორივე მხარეს გვჭირდება მუშაობა, ეს უნდა იყოს შეთავაზებული არამხოლოდ ერთი პარტიისათვის, არამედ მთლიანად ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის, რომ მმართველი პარტია თანახმაა უარი თქვას ხელისუფლების ისეთ უზურპაციაზე, რომლის საშუალებასაც იძლევა მაჟორიტარული სისტემა ან მაღალი ბარიერების არსებობა. ეს აძლევს დიდ პარტიებს შესაძლებლობას, პატარა პარტიების ხარჯზე მიიღონ დაუმსახურებელი ძალაუფლება პარლამენტში, რაც ჩვენს ქვეყანაში გრძელდება 30 წელია. თუ მართლა ამაზე მიმდინარეობს საუბარი, მაინტერესებს „ქართული ოცნების“ 90 წევრიდან რამდენი ადამიანი დაუჭერს ამ წინადადებას მხარს და რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატია საკმარისი იმისათვის, რომ ეს მართლა ისტორიული გადაწყვეტილება რეალობად ვაქციოთ ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს ის პირობა ნათქვამი, რომელიც გუშინ მამუკა მდინარაძემ გააჟღერა და ნათქვამი იყოს როგორც „ქართული ოცნების“ პირობა. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია. ამ ეტაპზე, არამკაფიოება და ბუნდოვანება გვაცილებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რაც უფრო მკაფიო იქნება „ქართული ოცნების“ პოზიცია, უფრო მკაფიო იქნება ის სამუშაო, რომელიც შესასრულებელი გვექნება მომავალში“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო. მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.

იხილეთ ვიდეო: თუ "ქართული ოცნება" მართლა თანხმდება უბარიერო პროპორციულ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ის უარს აცხადებს საშვილიშვილოდ ძალაუფლების უზურპაციაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა