ეკა ბესელია „რესპუბლიკელების“ შეთავაზებაზე - შევხედავდი, როგორც კეთილშობილურ განზრახვას, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი იყოს - არ ვფიქრობ, რომ მოახერხებენ პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობის“ დათანხმებას

შეთავაზებას შევხედავდი, როგორც კეთილშობილურ განზრახვას, რომ იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელიც გახანგრძლივდა, გამოსავალი იყოს, - ასე შეაფასა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადება, რომლის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, „რესპუბლიკური პარტია“ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თუკი მმართველი გუნდის მხრიდან ანალოგიური წინადადება იქნება, მას მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ მთავარი წინაპირობის შემთხვევაში დათანხმდება, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება.

ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგება.

„ამ შეთავაზებას შევხედავდი, როგორც კეთილშობილურ განზრახვას, რომ იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელიც გახანგრძლივდა, გამოსავალი იყოს შეთავაზებული. იმისთვის, რომ შედგეს კენჭისყრისთვის ეს აქტი, თუ უბარიერო სისტემა იქნება შემოთავაზებული მმართველი პარტიის მხრიდან, სჭირდება: პირველი- შეთანხმება არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ იმაზე, რომ ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სხვაგვარად იქ ხომ არ შევა ოპოზიციის ნაწილი 54 დეპუტატთაგან ( ყოველ შემთხვევაში, 50 მაინც არ შევა, თუ არ იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილება, მათ შორის ბუნებრივი ბარიერი). ამას კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, მხოლოდ ორი ან 4 რესპუბლიკელის ხმა ხომ არ ეყოფა?! ვადამდელი არჩევნების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. დარწმუნებული ვარ, თუკი „ქართული ოცნება“ ასეთ წინადადებაზე წამოვა, სრული ოპოზიციური თანხმობა მხოლოდ მთავარი წინაპირობის შემთხვევაში მოხდება - ეს არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამასთან ერთად განიხილება მათ შორის უბარიერო სისტემა. სხვაგვარად ეს „გირჩის“ პოზიციას ჰგავს, რომელიც ამბობს, რომ თუ იქნება უბარიერო არჩევნები, ეს არის ერთადერთი, რის გამოც ისინი მოიხიბლებიან და ასევე, შესკუპდებიან პარლამენტში. მგონი, ნაწილ-ნაწილ შეპარვას, სჯობს, ცხადად ჩამოაყალიბონ იმ ადამიანებმა ერთიანი ხედვა, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების გარეშე სხვა საკითხს არ განიხილავს“,-განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ვერც ერთი ცალკეული ასეთი ინიციატივა ვერ ჩაანაცვლებს მთავარ წინაპირობას, რომ ვადამდელი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი მოახერხებენ დაითანხმონ მათივე პარტნიორი „ნაციონალურ მოძრაობა“, თუ ვადამდელი არჩევნების პირობა არ დაკმაყოფილდება. შეიძლება ძალისხმევა აქეთ მიმართონ, მაგრამ ალბათ, ეს არ გამოვა. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ სრულიად აიხლართება თავისივე დაგებულ მახეში. მათი აგებული მახეა, როდესაც იწყებენ ამ ვაჭრობას, გარიგებას ყველასთან და ახლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მგონი, სრულიად აიხლართა თავის სცენარში. ამიტომ, რაც არ უნდა დრო გახანგრძლივდეს, მგონია, რომ ეს ამ კრიზისს ვერ უშველის და ვერ დაძლევს. ამიტომ, ვერც ერთი ცალკეული ასეთი ინიციატივა ვერ ჩაანაცვლებს მთავარ წინაპირობას. მთავარი წინაპირობა კი არის ის, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს ხელისუფლებაში დარჩა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხმა ხმა არ მისცა“,-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა