ნუგზარ წიკლაური "რესპუბლიკელების" ინიციატივაზე - ვფიქრობ, დაუფიქრებელი განცხადება იყო - არ მგონია, რომ ფრიდონ ინჯიას შეუერთდნენ, ასეთ რამეს ნამდვილად ვერ ვუსურვებდი

ვფიქრობ, დაუფიქრებელი განცხადება იყო, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადება, რომლის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, „რესპუბლიკური პარტია“ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადაა.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ის ხათუნა სამნიძის განცხადებაში ლოგიკას ვერ ხედავს.

ის ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია დაკორექტირდება.

„ვერ ვხედავ იმ განცხადებაში ლოგიკას, რომელიც დღეს ქალბატონი სამნიძის მხრიდან მოვისმინე. „რესპუბლიკური პარტიდან“ ეს ქალბატონი ყველაზე აქტიურად იყო ჩართული გაყალბების მხილებაში და მათ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, როგორი მასშტაბური იყო გაყალბება, როგორ წაართვეს ქართველ ხალხს არჩევანი. ამიტომ, ვერ ვხედავ ლოგიკას, რომ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე ვინმე შევიდეს პარლამენტში ან გამოვიდეს. ჩვენი პოზიცია ნათელია, რის შესახებაც ხალხს არაერთგზის ვუთხარით- იმ შემთხვევაში შევა საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ნებისმიერი საკითხი, როგორი კეთილშობილი საბურველიც არ უნდა ჰქონდეს მას, ამ საკითხის გამო, არანაირი შესვლა არ უნდა მოხდეს პარლამენტში. ვფიქრობ, ეს დაუფიქრებელი განცხადება იყო, ამაში ბოლო გამონათქვამები მარწმუნებს. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს პოზიცია იმ ტიპის კორექტირებას განიცდის, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დაუბრუნდება იმ განცხადებებს, რომელსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში აკეთებდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ განცხადებაში არ არის ლოგიკა და პოლიტიკური აზრი. ახლა ხელისუფლების მცდელობა უმთავრესად უკავშირდება იმას, რომ როგორმე ოპოზიციაში დაქსაქსულობა შეიტანოს. არ მინდა მჯეროდეს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ეს წარმომადგენელი რამენაირად შეიძლება იყოს უნებლიედაც კი ამ მცდელობებთან დაკავშირებული. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ისინი გაიაზრებენ ჩვენს პოზიციას, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და მთლიანად ოპოზიციის პოზიციას, ისინი სწორ მხარეს დარჩენას გადაწყვეტენ და არ მგონია, რომ ფრიდონ ინჯიას, „ევროპელ სოციალისტებს“ შეუერთდნენ. ასეთ რამეს მათ ნამდვილად ვერ ვუსურვებდი“,-განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა