ნიკა მელია - ძვირფასო ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

როგორც მან დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“.

„დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო თითოეული ჩვენი პარტიის წევრის დარაჯი. ეკითხებიან ერთი და იგივე კითხვას, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე „შეკერილი“,-განაცხადა მელიამ.

მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება უფლებების შელახვა.

„ე.წ. გავრილოვის საქმე თავიდან ბოლომდე „შეკერილია“. ეს ერთი და მეორეც, ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმაც თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს. იმისთვის, რომ თანხის გადახდა მოხდეს, აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ე.წ. ბრალდებულს ჩემი სახით ან მის ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველასთვს უცნობია. ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ მექნება უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურას აქვს.

მინდა თხოვნით და პატივისცემით მივმართო „საქართველოს ბანკს“, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და მოგმართავთ თხოვნით, ეს არა მხოლოდ უფლებების, არამედ კანონის დარღვევაცაა. იმედია, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო დაწესებულება „საქართველოს ბანკი“. მივმართავ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას, ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. რაც შეეხება მთავარს, ძვირფასო ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია ნადირობს და პლუს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი არაკეთილმოსურნე იქნება და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა