Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა

Frontex-მა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში.

თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასა და ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.

"2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontex-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებს, რომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს", - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ.

მათივე ცნობით, Frontex-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში ასობით ქართველმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება უკავშირდებოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (IBM). ქართველმა ექსპერტებმა დამკვირვებლის სტატუსით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს Frontex-ის საქმიანობაში ჩართვის გზითაც.

განახლებულ სამუშაო შეთანხმებაში გათვალისწინებულია Frontex-ის უფრო ფართო მანდატი, რაც საზღვრის მართვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე უკეთ რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

"მოხარული ვარ, რომ განახლებული სამუშაო შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, იქნება მტკიცე იურიდიული საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგებიც სცილდება ამ ორ სააგენტოს შორის არსებულ ურთიერთობებს და წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს",- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ვირტუალურ ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ვირტუალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ DG HOME–ის გენერალური დირექტორი მონიკ პარია, DG NEAR–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაჩეი პოპოვსკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა