გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დეპუტატები ნიკა მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე შევა, ეს საკითხი საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს დაეწერება. ორი კომიტეტის მიერ სამართლებრივი დასკვნების მომზადების შემდეგ კი საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.

მისი თქმით, დეპუტატები გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე მიიღებენ.

"მას შემდგომ რაც პროკურატურის მომართვა მოხდება პარლამენტის ბიუროზე, რეგლამენტის შესაბამისად, ეს დაეწერება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და იურიდიულ კომიტეტს. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და მას შემდგომ, რაც იქნება სამართლებრივი დასკვნები ამ ორი კომიტეტის მიერ გაკეთებული, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა - შეუჩერდება თუ არა პარლამენტის წევრს ნიკანორ მელიას მანდატის უფლებამოსილება გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდეს საშუალება პროკურატურას მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

რაც ეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მდგენელს, საზოგადოებამ იცის და საჯაროდ ორჯერ იხილა კანონის საჯაროდ დარღვევა. ერთხელ, როცა ახალგაზრდებს და საზოგადოების ნაწილს მოუწოდებდა მელია პარლამენტის შტურმისკენ, მეორედ, როცა საჯაროდ მან დაარღვია კანონი და ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. ბუნებრივია, სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ტიპის ქმედებებს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, კომიტეტის შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის შემდგომ პლენარულ სხდომაზე მართლმსაჯულების და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება,"- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, დეპუტატები გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, სავარაუდოდ, კენჭისყრამდე მიიღებენ.

"პირადად მე და ჩემი კოლეგებიც გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ბუნებრივია, მივიღებთ კენჭისყრამდე, თუმცა, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ასეთი საქციელი, როცა პოლიტიკოსი ხარ და სხვებს მოუწოდებ საჯაროდ დაარღვიოს კანონი, არის კრიტიკულად მიუღებელი და მას არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია უნდა იყოს ადეკვატური.

პოლიტიკურ ფასს რაც შეეხება, მელია დგას უკვე დილემის წინაშე, მართალია მან თავად ჩაიყენა ჩიხში თავი, რადგან თავდაპირველად თვლიდა, რომ გმირის სტატუსი ჰქონოდა, შემდგომში მიხვდა, რომ მას კონკურენტი ჰყავს სააკაშვილის სახით. ეს გადაწყვეტილება, პროკურატურა მოითხოვდა თუ არა აღკვეთის ღონისძიებას და პარლამენტი იმსჯელებს თუ არა, პირდაპირ დამოკიდებული იყო და არის ამ ეტაპამდე მელიას გადაწყვეტილებაზე, აქედან გამომდინარე თუ ის გადაწყვეტდა ჩამჯდარიყო ციხეში, ამით ჩამოცილდებოდა პოლიტიკურ პროცესებს და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სააკაშვილი წამოწევდა თავის ფიგურას, როგორც ჩანს ბოლო დღეებში ამას მიხვდა, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს