მიხეილ სარჯველაძე - მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას ნიკანორ მელიას დაპატიმრება სურს, ტყუილია - თავად მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს

მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ დრომდე მხოლოდ ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, დააპატიმრებენ მას თუ არა.

„ის მცდელობები, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვაწყდებით ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ფუჭია, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ის, რასაც საუბრობენ ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორი მსჯელობაა. ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება- არგამოყენებასთან დაკავშირებით იყო თავად ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაპატიმრება ნიკანორ მელიასი ეს არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, ასეთია რეალობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ მიმართულებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს სამართლებრივ პროცედურებს, ამდენად, “ამ საკითხის გვერდზე გადადება ან თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არმსჯელობა, რასაკვირველია, არ იქნებოდა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისა“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, როგორც სარჯველაძე აცხადებს, შესაძლოა, ოპოზიციამ ნიკა მელიას საკითხი „გაზაფხულის გასაცხელებლად“ გამოიყენოს.

„ვერ გეტყვით, ვინმეს თუ ექნება მცდელობა, რომ ეს კიდევ გააგრძელოს ამ ფაქტების გამოყენება გაზაფხულის გასაცხელებლად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კარგ საბაბად შეიძლება გამოყენებადი იყოს. რასაკვირველია ისინი ეცდებიან, რომ ამ თვალსაზრისით გამოიყენონ ეს გარემოებები, თუმცა, შორს მიმავალ გეგმებს ეს მათ ვერ დაალაგებინებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თუ ვინმე ეცდება სამართლებრივი საკითხის გამოყენებით მოლაპარაკებები ჩაშალოს, ეს ხელისუფლება არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს და თუკი ვინმე შეეცდება, რომ ეს გარემოება, ეს სამართლებრივი საკითხი დაუკავშიროს მოლაპარაკებების ჩაშლას, ან ამ გზით, ამის გამოყენებით ჩაშალოს მოლაპარაკებები, ეს ნამდვილად არ იქნება ხელისუფლება,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა