არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი ღიაა

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პლენარულ სესიაზე საკითხის მხარდაჭერა, საგამოძიებო კომისიის საბოლოო ფორმირებას არ ნიშნავს.

„სანამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას შევქმნიდით, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ როგორც პარლამენტში უკვე შემოსული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე იმ ოპოზიციისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩართული საპარლამენტო პროცესში, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი რჩება ღია. ჩვენ ასევე მივმართავ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც არჩევნების სფეროში მონაწილეობის უშუალო კომპეტენცია გააჩნია, მონაწილეობა მიიღოს ამ კომისიის მუშაობაში, ისე როგორც ამას რეგლამენტი უშვებს. მოდით, ყველამ ერთად გადავამოწმოთ ის კითხვები და პრეტენზიები, რაც არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციას ჰქონდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით, შესაბამისად, ყველას ინტერესში შედის, ერთად, მმართველმა გუნდმა, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ გადავამოწმოთ, იყო თუ არ იყო რეალურად ის ხარვეზები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა და რის საფუძველზეც რიგგარეშე არჩევნებს ასე პრინციპულად ითხოვდა წინა თვეებში. დღეს ყველას გვესმის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამავე დროს განუზომელი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბოლოო ჯამში ერთობლივ ფორმატში დავადგინოთ სიმართლე და გადავამოწმოთ ყველა ის პრეტენზია, რაც არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ის მიესალმება სამუშაო ჯგუფის შექმნას და იმ დღის წესრიგს, რაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ამ ჯგუფმა დაისახა.

„საარჩევნო რეფორმა იქნება უდაოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში და უკეთესი კანონმდებლობით შევხვდეთ, მათ შორის, არჩევნების დღესთან დაკავშირებული პროცედურებით. ეს ვფიქრობ, ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს ხელს შეუწყობს იმასაც, რომ საკითხები, რაზეც შეიძლება მომავალში პარტიებს დაპირისპირება ჰქონდეთ, შემცირდება, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესებული პროცედურები, კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, ეს ყველაფერი არჩევნების პროცესში უთანხმოების წერტილებს შეამცირებს.

დროებითი კომისიის შექმნაზე დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ კომისიის ფორმირების საკითხი დასრულდება დღეს. დღეს პარლამენტი მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა დაადგინოს კვოტები, როგორც უმცირესობისთვის, ასევე უმრავლესობისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა