ნიკა მელიას საქმის პროკურორი - ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი - გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი და საგამოძიებო უწყებას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მათ პოზიციას გაიზიარებს, მოთხოვნას კი დააკმაყოფილებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობის გარდა, სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ბრალდებულის სათანადო ქცევას ვერ უზრუნველყოფს.

„ეს შუამდგომლობა უკვე სასამართლოშია წარდგენილი. დღეს, 16:00 საათზე არის სხდომა ჩანიშნული. ამ სხდომაზე განიხილება შუამდგომლობა. სასამართლო მხარეების პოზიციებს მოისმენს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი, შესაბამისად გვაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ჩვენ სამართლებრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმის, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რაც საზოგაოდებისთვისაც ცნობილია.

სამართლებრივად სისხლის სამართლებრივ სივრცეში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა, იმისთვის რომ სისხლის საამრთლებრივ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნას ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება და ასევე ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესს და მის ჯეროვან განხორციელებას“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა