პროკურორი - თუ ბრალდებულს აქვს დასწრების სურვილი, გამოცხადდეს შესვენება და ნიკა მელია დაესწროს პროცესს

თუ ბრალდებულს აქვს სურვილი დასწრების, გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებული ნიკა მელია დაესწროს პროცესს, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

ადვოკატების განცხადებით კი, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ბრალდებული პროცესზე დასწრების შუამდგომლობით მიმართავს თუ არა სასამართლოს, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა.

„მეხუთედ მოგვიწოდებთ ნიკა მელიას სასამართლოში დასწრების მოთხოვნა ვიშუამდგომლოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის პროცესიდან გაძევებულია, დააყენეთ თუ არა შუამდგომლობა მისი დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით?"- მიმართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროკურორს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს წინა პროცესზე, განემარტა სასამართლოს მხრიდან, რომ ნიკა მელია გაძევებულია და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მას სხდომაზე დასწრება არ სურს.

ადვოკატების განმარტებით კი, ის ფაქტი, რომ ნიკა მელია სხდომიდან გაძევებულია და ის სასამართლო პროცესებს არ ესწრება, არ შეიძლება ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის საფრთხედ ჩაითვალოს.

დაცვის მხარის თქმითვე, ვიდრე სასამართლო მელიას გაძევების გადაწყვეტილებას მიიღებდა, პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ის სასამართლოში არ გამოცხადებულიყო და მართლმსაჯულება შეფერხებულიყო.

უფლებადამცველების თქმითვე, ბრალდებულის ექსკლუზიური უფლებაა, როდის დააყენებს ის შუამდგომლობას სასამართლოში დასწრებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ მას შთაბეჭდილება რჩება, რასაც ის საუბრობს, დაცვის მხარე ვერ იგებს. პროკურორმა განმარტა, რომ მიმალვის საფრთხედ მათ მელიას სხდომათა დარბაზში არყოფნა არ მოუყვანიათ არგუმენტად. პროკურორის განმატებით, ეს ფაქტი ბრალდებულის დამოკიდებულების ილუსტრაციაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა