დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო თვეების განმალობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში დიასპორის მაქსიმალურ ჩართულობას ემსახურება.

მინისტრმა ისაუბრა „დიასპორის ეკონომიკური ფორუმის" შესახებ, რომლის გამართვა 27 თებერვალს იგეგმება. ფორუმი ჩატარდება საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) მჭიდრო თანამშრომლობით. ფორუმის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პოტენციალის, მაღალპროფილური დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ასევე, მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება „ლევილის ქართულ - ფრანგული კულტურული ცენტრისა და ქართული აკადემიის" სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასკვნით ეტაპზეა პროექტის პირველი ნაწილი, რაც მამულში მცხოვრებთათვის ბინების მშენებლობას გულისხმობს. მომზადდა და სამუშაო პროცესშია პროექტის ძირითადი ფაზა - მამულის სრული რეაბილიტაცია, რაც მომავალ წელს დაიწყება და შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება 2024 წელს, ადრე დაანონსებული 2026 წლის ნაცვლად.

გრძელდება მხარდაჭერა არსებული პროგრამების, როგორებიცაა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა", „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი", „საკვირაო სკოლების მხარდაჭერა". აღნიშნულ პროგრამებს 2021 წელს დაემატება კიდევ ერთი - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის" პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება და ვიზიტი, რომელთა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით, პარლამენტის რეზოლუციებითა და სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას.

მინისტრობის კანდიდატმა აგრეთვე ისაუბრა დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო თვეების საქმიანობაზე.

სამინისტროს ინიციატივით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, 2020 წლის 24-25 ნოემბერს გაიმართა პირველი რეგიონული კონფერენცია კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესახებ. ამ კონფერენციაში, პირველად, ერთად მიიღეს მონაწილეობა შავი ზღვის აუზისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა.

გაგრძელდა ინტენსიური შეხვედრები დიასპორასთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიასა მონაწილეობით ონლაინ ფორმატში გაიმართა 6 შეხვედრა 25 ქვეყანაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საფუძველი ჩაეყარა სწავლების ახალ, ნოვაციურ მიდგომებს, რომელთა მეშვეობითაც არასრულწლოვან თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ქართული ენა. ამ მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდთან - „ათინათი".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა