ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოში ონლაინ კლინიკის მეშვეობით სამედიცინო მომსახურება 5000-ზე მეტმა კოვიდ პაციენტმა მიიღო, - აღნიშნული სტატისტიკისა და ტელემედიცინის ეფექტურობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფორმაციას თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

სტატიაში, საუბარია კახეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინ კლინიკაში დანერგილ საპილოტე პროექტსა და მის ავტორზე.

ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

„ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და უფრო მეტად გახადოს ადამიანების საჭიროებებზე მორგებული“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.

„ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს“, - განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

კახეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელის დეა ცაბუტაშვილის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება და ყურადღება როგორც სამედიცინო ცენტრისთვის, ისე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ პროექტის გაგრძელების და კიდევ უფრო გაფართოების მოტივაციას აძლევთ.

„ონლაინ კლინიკა ჩვენთვის და ზოგადად, მგონი მსოფლიოსთვის სიახლე იყო. მისი საჭიროება ინფექციამ დაგვანახა, რადგან დაინფიცირებული პაციენტების 80% უკვე ბინაზე იმართებოდა და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია გართულდა. ონლაინ კლინიკის მეშვეობით კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და აუდიო და ვიდეო კონსულტაციებმა პირისპირ კომუნიკაცია წარმატებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ის, რომ ჯანდაცვიდს მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ამბავი შეიტყო, შეაფასა და მოგვიწონა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამგვარი სისტემა დანერგა, - განაცხადა მან.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, საქართველოში დანერგილ ონლაინ კონსულტაციის სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტის წარმატების მანიშნებელია.

„ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენთან დანერგილ ონლაინ კონსულტაციის სისტემას გამოეხმაურა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ ვითარებაში, გურჯაანის კლინიკა ონლაინ რეჟიმში მოემსახურა კახეთის ყველა კოვიდ პაციენტს. თითოეულ მათგანთან გვქონდა ონლაინ კონტაქტი, დღეში კი დაახლოებით 300 პაციენტი გვემატებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენსა და დავით მრელაშვილს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგა, მან საჩუქრად გადმოგვცა კომპიუტერები, პულსოქსიმეტრები, რომელსაც დროებითი მოხმარების მიზნით ბინაზე ვაწვდიდით პაციენტს მათი მდგომარეობის და საჭიროების შესაბამისად. სწორად დაგეგმილმა პროცესმა და დროულად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო, რომ პაციენტის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა შეიქმნა”, - განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებას მომავალშიც გააგრძელებს და ის სრული დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული