უნდა დაისაჯოს ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლევან იზორიას, გომელაურის, ელისაშვილის ძმა იქნება, თუ - სხვა. გეთანხმებით, ცუდი ფაქტი იყო, მაგრამ ამაზე ასობით ცუდი ფაქტი ხდება, - ასე გამოხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც პოლიციელთან ინციდენტს ეხებოდა.
როგორც გომელაურმა განმარტა, სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ წლების წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისმევა კითხვა, მას შემდეგ პოლიციელების მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფებზე კი არავინ საუბრობს.
„ლევან იზორიას ძმა ახსენეთ, ამაზე ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი და თქვენი ნებართვით, დეტალებში არ ჩავალ. რაც ამ ადამიანმა გააკეთა, პირდაპირ ჩანს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი შემთხვევა იყო. ამაზე უარესი შემიძლია მოგაწოდოთ, რაც დღეს ხდება, უბრალოდ, გაჟღერდა იმიტომ, რომ იყო იზორიას ძმა. რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია, არ არის კარგი. ის ადამიანი, ერთ-ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს პოლიციაში, მან ძალიან კარგად იცის რატომაც აღარ მუშაობს, იზორიას თემა საერთოდ არ იყო, იმის შემდეგ წლები იმუშავა, 6 წელი გავიდა, თუ გასაგდები იყო, მაშინვე დაითხოვდნენ. ეს ფაქტი რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის, ადრე კითხვა დამისვეს ჟურნალისტებმა და ისე მიჭრეს-მოჭრეს და ისე შეიფუთა თემა, რომ თითქოს, ვთქვი, რა კარგი რაღაც გააკეთა ბატონი ლევანის ძმამ, აბა რა, ძალიან კარგად მოიქცაო. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება და ჩემთვის მიუღებელია, უნდა დაისაჯოს ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლევანის, გომელაურის, ელისაშვილის ძმა იქნება, თუ - სხვა. გეთანხმებით, ცუდი ფაქტი იყო, მაგრამ ამაზე ასობით ცუდი ფაქტი ხდება, სამწუხარო ის არის, რომ კითხვა ისევ, 8 თუ 10 წლის წინ მომხდარ ფაქტზე ისმევა და გუშინ, რომ ამაზე უარესი გააკეთა სხვა მოქალაქემ, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, ქურთუკი შემოახია, აგინა თუ რაღაც გაუკეთა, იმაზე არავინ კითხულობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 8 წელი გავიდა და იმის შემდეგ, ასჯერ მეტი უბედურება მოხდა და შეურაცხყოფა ავიტანეთ ჩვენ, პოლიციამ“, - განაცხადა გომელაურმა.