გია ვოლსკი - მოლაპარაკებებს პარლამენტისა და პარტიის თავმჯდომარეები აწარმოებდნენ და არ მგონია, რომ ეს ფორმატი შეიცვალოს

მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და არ მგონია, რომ ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები პრემიერ- მინისტრმა აწარმოოს, მიღებული არ არის. რაც შეეხება ოპოზიციას, ვოლსკი მიიჩნევს, რომ მათ მოლაპარაკების ჩაშლა სურთ.

"ჩანაწერიც პირდაპირ უკავშირდება მოლაპარაკებების მიმართ ოპონენტების დამოკიდებულებას. მრავლობით რიცხვში პირობითად ვამბობ, რადგან დაქვემდებარება "ნაცმოძრაობის" ინტერესებისადმი არის სრული და ყველანაირი გადახვევა "ნაცმოძრაობის" ინტერესებიდან არის დასჯადი. ეს ჩანაწერებიც იმისთვის გამოიყენება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიუსვლელობა გაამართლონ, რაც უპერსპექტივოა.

რაც შეეხება პრემიერ- მინისტრის მონაწილეობას მოლაპარაკებებში. იგი მაღალი რანგის სტუმართან ერთად გარკვეულ ფორმატს დაესწრო, მაგრამ პრემიერ- მინისტრის ფუნქცია პოლიტსაბჭოს არასდროს არ ჩამოუყალიბებია, რომ რაიმე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში პოლიტიკოსებთან დაჯდეს და მოლაპარაკებები აწარმოოს. თუკი ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნება პოლიტსაბჭოს მიერ, ამას დასაბუთებაც ექნება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ არის. მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და არ მგონია, რომ ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 20 მარტს დაანონსებულ აქციას და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაციაა.

"არჩევნებამდეც კარგა ხნით ადრე ვამბობდი და გავიმეორებ, რომ "ნაცმოძრაობის" ინტერესებში არჩევნები არ შედის. მათ ინტერესებშია დესტაბილიზაცია და ამ პოლიტიკურ ძალას გააჩნია გარკვეული გავლენა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც დღეს იკრიბებიან და ცდილობენ, რომ მათი განცხადებების საფუძველზე ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები და კატეგორიულად უარყოფენ თავის მონაწილეობას იმ გამოძიებაში, რომელსაც თუკი საფუძველი გააჩნია, შეუძლია კონკრეტული შედეგი დადოს. ვინაიდან, საერთაშორისო ჩართულობა და შეფასება არჩევნების შედეგებისა ცალსახაა და კატეგორიული, რასაკვირველია, მოლაპარაკების ჩაშლაზე უნდა იფიქროს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. მე არ მგონია, რომ საზოგადოების რომელიმე წევრი, თუნდაც, ჩვენი ოპონენტების მომხრე, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაეთანხმებიან იმ ფორმულას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია ",- განაცხადა ვოლსკიმ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს