უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე მინისტრებს - თქვენს ტელეფონებზე, რაც ნაკლები გექნებათ წითელი, პასუხგაუცემელი ზარები, მით ნაკლები იქნება ასეთი შეხვედრები - კეთილი უნდა ინებოთ და პასუხი გასცეთ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ბეჟან წაქაძის განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობისგანაა დასმული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს.

როგორც ბეჟან წაქაძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, სადაც მინისტრები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ, შექმნილი სიტუაცია არასათანადო კომუნიკაციის დამსახურებაა.

„ყველა კითხვა, რომელიც დასმულია და ისმის საზოგადოებიდან, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს. მგონია, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა და ყოველივე ეს ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. მივმართავ ორივე მინისტრს, პატივცემულო მინისტრებო, თქვენს ტელეფონებზე, რაც ნაკლები გექნებათ წითელი, პასუხგაუცემელი ზარები, მით ნაკლები იქნება ასეთი შეხვედრები, ეს ძალიან ადრე უნდა დაგვეწყო. ამასთან, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, როცა დეპუტატი ურეკავს მინისტრს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მესიჯს წერს, ამ შემთხვევაში, დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, როგორც ერთი დეპუტატი ისე არ რეკავს, ის რეკავს 150 ათასი ამომრჩევლის სახელით, რომელსაც პასუხები აინტერესებს. ბეჟან წაქაძე თქვენთან, პირადი საქმით, არასდროს დარეკავს, ამიტომ კეთილი უნდა ინებოთ და პასუხი გასცეთ მაშინ, როცა მოიცლით. ამის შედეგია ყოველივე ეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სისტემატიურად იმუშავეთ მოსახლეობასთან და არ გვექნება ისეთი სიტაუცია, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა