კახა კახიშვილი - პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და იმისთვის, რომ დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები, თავად ექსპერტიზას ესაჭიროება პირველადი მასალა

გამოძიებისთვის საჭიროა პირველადი მასალის გადაცემა, რათა გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფონოსკოპიური და სხვა ტიპის ექსპერტიზები დაინიშნოს. ამის შესახებ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

კახა კახიშვილის განცხადებით, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყება აუცილებელი იყო.

„გამოძიების პირველი ამოცანა უნდა იყოს, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, ხომ არ არის ჩანაწერებში მონტაჟის კვალი, როდის არის ჩანაწერი გაკეთებული და ვის მიერ არის ჩანაწერი მოპოვებული იმ დროს, ტელეკომპანიაში არ ვგულისხმობ, არამედ იმ დროს. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ არის ავთენტური, მონტაჟი არ არის და ა.შ. შემდგომში უნდა იმსჯელოს გამოძიებამ, ხომ არ ყოფილა ფიგურანტების მხრიდან ისეთი ტიპის მოქმედება, რომელშიც შესაძლებელია, შეინიშნებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურამ დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება. იმისთვის, რომ დაინიშნოს ფონოსკოპიური ექსპერტიზა და სხვა ტიპის ექსპერტიზები, რომელიც დაადგენს, ჰქონდა თუ არა მონტაჟს ადგილი, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამისთვის საჭიროა პირველადი მასალის გადაცემა. თქვენ ან მე, „ტვ პირველის“ მაუწყებლობის თავად ეს მონაკვეთი რომ წავიღო, თქვენი მონაწილეობის გარეშე, ექსპერტი ვერ გაარკვევს, რადგან თქვენც ხომ დაამონტაჟეთ, სანამ გაუშვა „ტვ პირველმა“, რაღაც მონტაჟი ხომ იყო. არ ვგულისხმობს, რომ ცუდი, არამედ ტელემონტაჟი, ნებისმიერი სიუჟეტი მონტაჟდება. ამიტომ პროკურატურამ ითხოვა პირველადი მასალა, რაც ტელეკომპანიაში შევიდა“, - განუცხადა კახა კახიშვილმა ჟურნალისტს.

მისი თქმით, მასალის ამოღება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებაა და სასამართლოს განჩინება არ გულისხმობს მაინცდამაინც ძალისმიერი მეთოდით ამის გაკეთებას.

„სასამართლოს განჩინება გულისხმობს ამოღებას არა ძალისმიერი მეთოდით, არამედ მასალის ამოღება არის სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილი საგამოძიებო მოქმედება და პირდაპირ წერია, როგორ უნდა მოხდეს ამოღება, როგორ იღებს განჩინებას სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით. არავინ აპირებს და ნამდვილად არ არსებობს აუცილებლობა ტელევიზიაში შესვლის, ნამდვილად თუ კონვერტი არ არის, არც ეგ არ არის პრობლემა არანაირი, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც სასამართლოს განჩინებაში არსებობს ჩანაწერი მასალის ამოღებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ იურისტს ჰკითხეთ, არ ნიშნავს მაინცდამაინც ძალისმიერი მეთოდებით რაღაცის ამოღებას“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, პროკურატურას რომ განჩინების გარეშე დაეწყო მოქმედება, საპროცესო კანონმდებლობა დაირღვეოდა.

„ამ განჩინების გარეშე პროკურატურას რომ დაეწყო მოქმედება, შემდგომში, რადგან საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოხდებოდა ამ მასალის დართვა, შესაძლებელია, განაჩენი არ დამდგარიყო რაღაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, რადგან თავის დროზე, დარღვეულ იქნა საპროცესო კანონმდებლობა. ამიტომ გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში წარმოებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დაცვით. საპროცესო კოდექსში კი, წერია, რომ ამოღებისთვის საჭიროა განჩინება“, - განაცხადა კახიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ტელევიზიამ უნდა განაცხადოს თუ კონვერტი არ აქვს, ამაში არანაირი პრობლემა არ არის, შესაბამისად, იმ მასალას გადასცემს გამოძიებას, რაც გააჩნია.

„კონვერტი არ არის და განაცხადეთ, რომ არ არის. არ გვაქვს და რა ვქნათ - საიდან გავაჩინოთ კონვერტი, რომელიც არ არსებობს. ტელევიზიაში შემოსვლის საფუძველს ვერ ვხედავ, ამას გეუბნებით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც იურისტი. შესაბამისად, რა მასალაც გაქვთ, ამას გადასცემთ და ამით დასრულდება“, - აღნიშნა კახიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მასალის ნებაყოფლობითი წარდგენა, აღნიშნული განჩინების საფუძველზე, არანაირ პრობლემას არ ქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა