ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს, „დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია“.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.

„არცერთ სასამართლოს დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ არაერთხელ გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი