გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება - ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო

წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება. ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან მმართველი გუნდის ლიდერების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას არა შეთანხმების მისაღწევად, არამედ ვითარების თავის სასარგებლოდ გარდასატეხად.

„წარმოუდგენელი იყო კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება. ფაქტობრივად სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან საკმარისია უკვეო. ამის მერე დანიელსონი ამბობს, რომ არსად არ მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას არა მოლაპარაკების და შეთანხმების მისაღწევად, არამედ მცდელობას ვითარების გადატეხვის თავის სასარგებლოდ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ კუნთები მას უფრო მეტი აქვს და ძლიერია. ასეთი პოლიტიკით ცდილობს გადააგოროს ეს პროცესი და დაუბრუნდეს პირველ ჩვენებას, როდესაც თვითონ არის სტერილური და აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი და დანარჩენი პოლიტიკური ელიტა თამაშგარე მდგომარეობაში არის. დაახლოებით, ასეთი მიმართულებით მოძრაობენ და როცა დასჭირდებათ, კონსტრუქციულობანას იმიტაციას ახდენენ“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ დანიელსონის თბილისში დარჩენამ და ვიზიტის გაგრძელებამ ხელისუფლების მიმართ უნდობლობას ხაზი გაუსვა და ის რჩება იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისი თანდასწრებით დაიდოს.

„დანიელსონის წასვლის გადადებით ხაზი გაესვა აბსოლუტურ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ. გუშინ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება მოახდინა, როდესაც წარმოუდგენლად სკანდალური განვითარება ვნახეთ და ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, დანიელსონი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ის კიდევ ერთი დღით რჩება საქართვეოლოში. როგორც ჩანს ხელისუფლება კარგად ცნობილ „ტრიუკს“ ატარებდა, ის, რაც ჩაატარა ღარიბაშვილმა შარლ მიშელის ვიზიტის დროს. როგორც ჩანს ევროპაში კარგად ხედავენ და მათი ეს „ტრიუკები“ კარგად აქვთ გათვლილი. გუშინ კობახიძემ ცოტა იჩქარა და დროზე ადრე დაიწყო ისევ აგრესიული რიტორიკა და დანიელსონი ამის შემდეგ დარჩა თბილისში იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისივე თანდასწრებით დაიდოს, რადგან ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ ისინი დამოუკიდებლად რაღაც შეთანხმებაზე წავლენ ვინმესთან, არ არის. დღეს ხელისუფლების ტაქტიკა არის მარტივი, მათთვის პრობლემაა როგორმე გადააგორონ ბრიუსელის ვიზიტი. რეალურად, განცდა რჩება ასეთი, რომ ესენი არ არინ მონდომებულები იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, უბრალოდ, მათთვის პრობლემატური იყო ბრიუსელის ვიზიტის ჩავარდნა ან სერიოზული კრიტიკა ბრიუსელში.

ტაქტიკა არის ის, რომ როგორმე ეს ვიზიტი გაწელონ და გადააგორონ და მერე ისევ დაუბრუნდნენ თავის ცნობილ საომარ რიტორიკას. ეს ტაქტიკა როგორც ჩანს ბრიუსელმა გაშიფრა და დანიელსონი დარჩა იმისთვის, რომ ბრიუსელში ვიზიტამდე დაიდოს კონკრეტული შედეგი“ , - ამბობს ხუხაშვილმა.

ასევე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, „ჩვენ ბრიუსელში დავინახავთ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო პროცესების განვითარებას“.

„ვფიქრობ, რომ შედეგი უკვე იქნება და გამოჩნდება ბრიუსელში. თუ დღეს შეთანხმება ვერ შედგა და ხელისუფლება ისევ ბუნდოვან ფორმულირებას და დროის გაწელვის ტაქტიკას მიმართა, ამ შემთხვევაში ჩვენ ბრიუსელში დავინახავთ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო პროცესების განვითარებას. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ოპერაცია მშვიდობისათვის. რაც შეეხება მოლოდინებს ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, გააჩნია რამდენად პრინციპულად გაარძელებს ევროპული პოლიტიკა ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. თუ ევროპამ ხელისუფლებას ცალსახად უთხრა, რომ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, აი ამ თამაშების სანაცვლოდ, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება შეიძლება შედგეს. რეალურად ხელისუფლებას არ უნდა შეთანხმება. მათი მხოლოდ იძულება შეიძლება და ამ იძულების ფორმები რადიკალური უნდა იყოს“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“ . ცოტა ხანში კი კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

შეგახსნებეთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა