სერგო ჩიხლაძე - „თეთრი კვამლი“ დღეს არ ამოვა, მაგრამ ველოდებით, რომ ძირითადი სურათი გამოიკვეთება

ფაქტი, რომ მოლაპარაკების საკითხებში მოხვდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვადამდელი არჩევნები, მეტყველებს იმაზე, რომ ეს პრობლემაა. ჩვენს მედიატორებს რომ არ ჩაეთვალათ, რომ ეს ასეა, არ შევიდოდა ეს საკითხი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომ „ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მიეჩვივნენ, რომ ქვეყნის პარტნიორების განცხადებები მოზომილია და „მითუმეტეს, როდესაც ორმხრივი პრესკონფერენციები იმართება, მკვეთრ განცხადებებს არ უნდა ველოდეთ ნორმალური დიპლომატებისგან“.

„თუ არჩევნებში ერთზე მეტი პარტია მონაწილეობს, ეს უკვე არის კონკურენტული, ამიტომ ეს ისეთი დიდად კარგი ეპითეტი არ არის. თავისუფალი ნიშნავს, რომ ადამიანები მივედით და გვქონდა უფლება, რომ აზრი გამოგვეხატა. ოდირის დასკვნაში არ წერია, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები არ ნიშნავს იმას, რომ არ გაყალბებულა. ოდირის დასკვნაში მკაცრადაა საუბარი გაყალბების სხვადასხვა მეთოდებზე, დაშინებაა ნახსენები და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ჩიხლაძე ამ განცხადებას დიპლომატიურს უწოდებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა „უბრალოდ კონსტიტუციური ჩანაწერის კონსტატაცია მოახდინა“.

„მან თქვა, კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები 2024 წელსაა. მას ეს ფაქტი არ მოუტყუებია. მოლაპარაკებები რომ მიდის და საუბარია იმაზე, რომ 2022 ან 2021 წელს ჩაინიშნოს არჩევნები, ეს მოლაპარაკების პროცესია და არსად წერია, ამიტომ ბატონი ღარიბაშვილი ვერც გააჟღერებდა, რომ 2021 ან 2022 წელს იქნება ვადამდელი არჩევნები იმიტომ, რომ მოლაპარაკება არ დასრულებულა, მითუმეტეს იმ მომენტში არანაირი შედეგი არ იდგა. მან განაცხადა საკმაოდ დიპლომატიურად, კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები არის 2024 წელსო, ამიტომ დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი მის ამ ნათქვამს. მან უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებასაც და თქვა, რომ „ეს ულტიმატუმის ენას წააგავს და დიპლომატისგან არ არის ყველაზე სასურველი ენა“.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს მიმდინარე შეხვედრას, ჩიხლაძის თქმით, აღნიშნული მიანიშნებს, რომ „წინ წაიწია მოლაპარაკებებმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. როცა მედიატორები თვლიან, რომ ორივე მხარე შეხვდეს. ეს არის ინდიკატორი, რომ წინ წაიწია კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებებმა. აბსოლუტურად აცდენილი რომ იყოს ჩვენი წინადადებები, შეხვედრაც არ იქნებოდა, ამიტომ ეს ფაქტი მაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ პროცესი დაიძრა.

იმაში, რომ „თეთრი კვამლი“ დღეს არ ამოვა, ალბათ, ამაში ბევრი კოლეგა დამეთანხმება, მაგრამ დღეს მთავარია ძირითად საკითხებზე შეჯერება, რომ მხარეებმა თქვან: „ღირს ამაზე მოლაპარაკება“. საბოლოოდ კონტურებს შემდეგ დღეებში შეიძენს ეს პროცესი, თუმცა ველოდებით, რომ დღეს ძირითადი სურათი გამოიკვეთება“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მასზე არაა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. „ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“,- აცხადებს ბორელი.

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით კი, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. „მე ვემხრობი და ვეყრდნობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი“,- განაცხადა კალიურანდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა