თენგიზ ფხალაძე „ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე - ჩვენ თუ ისევ იმ პარადიგმაში ვართ, რომ ქართველების ერთი ნაწილი მეორეს ამარცხებს, ყველა წაგებული ვართ

ჩვენ თუ ისევ იმ პარადიგმაში ვართ, რომ ქართველების ერთი ნაწილი მეორეს ამარცხებს, ყველა წაგებული ვართ. უნდა იყოს ისე, რომ ქართველი ხალხია გამარჯვებული და იმ დაპირისპირების პარადიგმიდან, სადაც ახლა ვართ, უნდა გადავიდეთ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა თენგიზ ფხალაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ფხალაძე აღნიშნავს, უფრო საყურადღებო მედიატორ კრისტიან დანიელსონის ის განცხადებაა, რომ მუშაობა გრძელდება. მისი შეფასებით, ჯერჯერობით შედეგებზე საუბარი ადრეა და მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეობს.

„მე უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი კრისტიან დანიელსონის გუშინდელ კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და მუშაობა მიმდინარეობს. მუშაობა მიმდინარეობს იმ დოკუმენტზე, რომელიც თავის დროზე იქნა შემოთავაზებული შარლ მიშელის მიერ. არ მგონია, რომ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე შედეგზე, მთავარია, რომ პროცესი მიდის, მისასალმებელია, რომ გუშინ ამდენი ხნის შემდეგ, როგორც იქნა ხელისუფლება და ოპოზიცია დასხდნენ და საუბრობდნენ. მნიშვნელოვანია ეს პროცესი გაგრძელდეს და საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა ხდება. ახლა მხოლოდ ვსაუბრობთ იმ კომენტარების მიხედვით, რაც კეთდება, ხშირად ემოციური. ძალიან მნიშვნელოვანია კრისტიან დანიელსონის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ პროცესი მიდის და ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ“,- განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციას თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო დღითიდღე უმძიმდება“. პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძე კი განაცხადა, რომ „შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რაც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა