„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას გმობს და ანა დოლიძესა და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს მხარდაჭერას უცხადებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას გმობს და ანა დოლიძესა და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საია ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს. რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე. საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდაჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყუდარების ყველა მსხვერპლს.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობდა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.

შესაბამისად, საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომლმა ივანე გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა