კარა მაკდონალდი - საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა ქართველ ლიდერებსა და პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, ქართველი ხალხი ნაკლებს არ იმსახურებს

საქართველო, რუსეთის ზეწოლის პირობებში, დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერია რეგიონში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ კარა მაკდონალდსმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადად განაცხადა იმ ცენტრალური როლის შესახებ, რასაც შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკაში ასრულებს.

„ეს დღის წესრიგი, რომ გავაძლიეროთ დემოკრატია და დავიცვათ ადამიანის უფლებები საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველო სტაბილურობას, კეთილდღეობასა და ევროატლანტიკური მისწრაფებებს“, - აღნიშნა მაკდონალდმა.

მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოში დემოკრატიის მიმართ ნდობას არყევს.

„მმართველი პარტიის კონცენტრირება ძალაუფლებაზე, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და სამოქალაქო საზოგადობაზე ზეწოლა ძირს უთხრის ქართველების ნდობას საკუთარი დემოკრატიის მიმართ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, რაც, მისი თქმით, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.

ის გასული წლის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მას ნაკლოვანებები გააჩნდა. მათ შორის არის ბრალდებები დარღვევებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მმართველი პარტიის დომინირებას საარჩევნო კომისიებში და ნაკლოვანებებს საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებულ პროცესში. მისი თქმით საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ საჩივრების უმეტესობა უარყო.

„ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესისა და არჩეული ლიდერების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ეუთოს საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს“, - აღნიშნა მაკდონალდმა.

მისი თქმით, საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის როლის აღდგენა თანდათან უფრო გადაუდებელი აუცილებლობა ხდება.

„ჩვენ ძლიერად ვიმუშავებთ მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის.

საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა ქართველ ლიდერებსა და პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული. საქართველოს ხალხი ნაკლებს არ იმსახურებს“, - აღნიშნა მაკდონალდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა