ჯინ შაჰინი - იმედი მაქვს „ქართული ოცნება“  მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა, ასევე იმედი მაქვს, „ნაცმოძრაობა“ გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში

საქართველოში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას; გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, საქართველოში დღეს ყველაფერი რომ მწყობრში იყოს, შეთანხმება უნდა მოხდეს.

„მე და სენატორი რიში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ. შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას.

როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს „ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, „ენმ", გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარაკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში.​

კიდევ ერთხელ, პარტიების გადასაწყვეტია თუ რა იქნება მათთვის მისაღები. თუმცა ერთი რამ, რაც ჩემი გუბერნატორობის გამოცდილებიდან ვიცი ისაა, რომ როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს, ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა. მე მესმის მიზეზები, რადგან პარლამენტის ზოგიერთ წევრს ვესაუბრე მელიას დაკავებაზე, თუმცა ეს არ შეუწყობს ხელს კომპრომისის მიღწევას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციას შეეძლება. ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას და გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნების მიხედვით რეფომების გატარების აუცილებლობა იკვეთება.

„ვეთანხმები სენატორ ჯიმ რიშს, რომ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ორივე მხარე ეთანხმება. ამას შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი ვერ უკარნახებს საქართველოს. ეს თავად უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნას, როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, „ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას“.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით