იმუნიზაციის საბჭო იმ დამატებითი ჯგუფის განსაზღვრაზე მსჯელობს, რომელსაც  ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება

ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭო იმ დამატებით ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება. ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა, სხდომაზე ასევე უნდა იმსჯელონ სათადარიგო სიების შექმნაზე და ამცრელთა ჯგუფების რაოდენობის გაზრდაზე.

„ამ დინამიკით ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეალურად პროცესი დაიწყო მიუხედავად იმ არსებული შეფერხებებისა, რომელიც გვქონდა. ჩვენ საკმაოდ დადებითი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი აქტივობით გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ გავხსნათ გარკვეული ფანჯრები პერიოდულობით და ამ ეტაპისთვის 14 აპრილამდე არის ფანჯარა გახსნილი, თუმცა, ძალიან დიდი არის საზოგადოების ინტერესი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეზარდა სამუშაო საათები და ასევე, დაგვემატებინა იმ არსებულ საიტებზე ამცრელთა ჯგუფების რაოდენობა, რომელიც დღესდღეობით არიან ჩართულები პროცესში. დღეს მინდა საბჭოზე ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა, ან უნდა მოხდეს თუ არა გაფართოება საიტების, რომლებიც უნდა ჩაერთონ დამატებით, როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ პროცესთან მიმართებაში. ასევე, ვიმსჯელოთ დამატებით კატეგორიების ჩართვაზე. პირობითად, 55 წლის ზევით მოქალაქეების ჩართვაზე. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვიმსჯელებთ სათადარიგო სიების სწორ მართვასთან დაკავშირებით. არის რიგი შემთხვევები, როდესაც მოხდა დოზების დაკარგვა. ეს არ იყო დიდი რაოდენობა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავაფართოვებთ ამ პროცესს, მოლოდინი იმის, რომ დაიკარგოს ვაქცინის დოზა არის, რა თქმა უნდა. ამიტომ გვინდა მაქსიმალურად დავაზღვიოთ დანაკარგი. სათადარიგო სიებთან დაკავშირებითაც გვქონდეს მკაფიო ხედვა, რათა არ მოხდეს ისეთი მართვა, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულ უნდობლობას გამოიწვევს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.

რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა