ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა

ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით შეთანხმების გარეშე დასრულებულ დიალოგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული.

„მინდა გამოვეხმაურო მოლაპარაკების პროცესს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გასული დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა მაინც უნდა გამოვიტანოთ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლას არ ცდილობს, სადაც ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არც გამბედაობა და არც გონიერება არ ეყოთ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია. უფლებას ვიტოვებთ, ამ ახირების განხილვაზე დრო არ დავკარგოთ და მთლიანად ვიყოთ ორიენტირებული რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელვოანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს კვირებში. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, გვქონდა შემხვედრი პოზიცია კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა, მედიატორს სთხოვდა დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. სხვათაშორის, ამას თავად ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც ადასტურებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენასაც ოპოზიციაში ცდილობენ, სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია.

„ჩვენ მადლიერი ვრთ ჩვენი მეგობრების, შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის ძალისხმების. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არ შედგა, ეს პროცესი მაინც ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. ევროპა კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს, ეს კი ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა ჩვენთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი 30 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული 5 პუნქტიანი დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა