მოსამართლე მაია სვიანაძე - აშშ-ში შვილთან გადავედი საცხოვრებლად, არალეგალურად არ დავრჩენილვარ

მოსამართლე მაია სვიანაძის განცხადებით, აშშ-ში არალეგალად არ დარჩენილა და იქ, საცხოვრებლად შვილთან გადავიდა. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზიც სწორედ შვილთან საცხოვრებლად გადასვლა იყო.

„შვებულებაში ვიყავი და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდგომ განცხადება დავწერე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა“, - განაცხადა მაია სვიანაძემ და აღნიშნა, რომ მისი გადაწვეტილების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი იყო.

მისი თქმით, საქმეები, რომელიც მის წარმოებაში იყო, სხვას გადააბარა.

„რა თქმა უნდა, იცოდნენ, დაუკითხავად საქმეებს ხომ არ დავყრიდი? რა თქმა უნდა, საქმეები გადავაბარე. შვებულებაში გავედი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე წესრიგში, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმნილიყო. ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ, ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი. მოსამართლე ვარ და კარგად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქმეებს, ყველაფერი მოწესრიგებულია, განცხადება დავწერე და იცოდნენ, რომ მე წასვლას ვაპირებდი. ეს დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, დღეს და გუშინ არ გადამიწყვიტავს“, - განაცხადა მაია სვიანაძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე მაია სვიანაძის თანამდებობის დატოვებისა და აშშ-ში წასვლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

„ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.

დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაია სვიანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2017 წლის მაისში დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბრიდან კი თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა