თეირანი და ვაშინგტონი ვენაში ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს „კონსტრუქციულს“ უწოდებენ

ირანი და მსოფლიოს ხუთი დიდი ქვეყანა ვენაში, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმების თანახმად, შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას, მეორე კი ირანის მიერ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას განიხილავს.

მოლაპარაკებებს აშშ-ის წარმომადგენელი არ დასწრებია და მასში მონაწილეობა ბირთვული შეთანხმების დანარჩენმა ხელმომწერებმა : ირანმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა მიიღეს. ამ ჯგუფს „ერთობლივ კომისიას“ უწოდებენ და მას ევროკავშირი ხელმძღვანელობს.

მიუხედავად იმისა, რომ არც ვაშინგტონს და არც თეირანს შედეგების სწრაფად მიღების მოლოდინი არ აქვთ, ორივე ქვეყანამ მოლაპარაკებები შეაფასა როგორც პოზიტიური და კონსტრუქციული.

”ვენაში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. ჩვენი შემდეგი შეხვედრა პარასკევს შედგება,” - განუცხადა ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა აბას არაქჩმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.

”ეს არის მისასალმებელი, კონსტრუქციული, პოტენციურად სასარგებლო ნაბიჯი”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

მოლაპარაკებები, რომლის მიზანი, 2015 წელს ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების განახლება და მასში აშშ-ის დაბრუნებაა, პარასკევს გაგრძელდება.

2018 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯის შემდეგ თეირანმა ხელშეკრულების პირობების დარღვევა დაიწყო.

აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელშეკრულების განახლების სურვილი აქვს, თუმცა ვაშინგტონსა და თეირანს უთანხმოება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ირანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნდა შეასრულოს, თეირანი კი პასუხობს, რომ პირველ რიგში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა