EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო ფაზაზეა

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო ფაზაზეა. აღნიშნულის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილი პოზიცია მიუთითებს, რომ ხელისუფლება მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, თუმცა, მისთვის მთავარია ის, რომ საქართველოშ გაიგონ, თუ რა ხდება მისი შვილის საქმეზე.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს საქმე ჩაკლა, ყველა ძალისხმევა გამოიყენა, ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე დაეხურა. მე დღესაც ვიბრძვი იმისთვის, რომ აღვიდგინო ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსება, აღვუდგინო იმ უდანაშაულო, მძინარე ბავშვს, თემირლანს ღირსება, მე ამას ღმერთის ძალით და თქვენი თანადგომით შევძლებ. ხელისუფლება სახელმწიფოა, ამდენი ტყუილის და ამდენი ბოროტების, სიძულვილის გამოყენებით რატომ ცდილობს, რომ თემირლანი არარსებულ დანაშაულში დაადანაშაულოს. ამ ყველაფერს აკეთებენ, რადგან სახელმწიფოს მხრიდან დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი. ევროპული სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, ჩემთვის მთავარია, საქართველოში იცოდეს საზოგადოებამ რა ხდება, დღემდე რატომ ვარ ქუჩაში ძაღლივით გაგდებული, რატომ არ მისმენს სახელმწიფო. რაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოვიარე, თავად მათ არ ვუსურვებ. ხელისუფლება ამბობს, ჩვენ თუ გვინდოდა ხელყუმბარის საქმის გაყალბება, ამას გავაყალებდითო. თუ მე ხელში მიჭირავს ხელყუმბარა, ან რაღაც ნივთი, იქ ჩემი ანაბეჭდები დარჩება. მაგრამ რას იძახის დღევანდელი მახინჯი სისტემა? თუ გვინდოდა, ხელყუმბარის საქმესაც გავაყალბებდითო. ან მე ვარ მთლად დასაბმელი, სულელი გიჟი, ან ესენი არიან საერთოდ მომსახურების ზონიდან გასული. მე ვარ ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართალს, რომ ხვალ ჩემ დღეში არ აღმოჩნდეს სხვა დედა, ან მამა, სხვას რომ არ მოუკლან მძინარე შვილი. მე ის ერთი ვაჟი მყავდა, დილით ვიღვიძებ იმის მოლოდინით, რომ საღამოს თემირლანი ჭიშკარს შემოაღებს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეპასუხებაზე წარდგენილ დამატებით და საბოლოო მოსაზრებებში „საქართველოს მთავრობამ კვლავ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის დაუსაბუთებელი ბრალდებებზე გააკეთა აპელირება“. ორგანიზაცია რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც „ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ მთავრობის საბოლოო მოსაზრებებში დამახინჯებულად არის წარმოჩენილი“.

„სამწუხაროდ, ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარებისა და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას. ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არც ეროვნულ დონეზე მისცა მათი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობისა და მისი უდანაშაულების მტკიცების შესაძლებლობა. სახელმწიფო უწყებებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არასდროს უმოქმედიათ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპით და ეს საქმე ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე მძიმე და სერიოზულ შემთხვევად რჩება. სამწუხაროდ, მთავრობამ შეცდომაში შემყვანი და აშკარად ფაბრიკაციული, სპეკულაციური და არაზუსტი ინფორმაციის გამოყენების სტრატეგია ასევე გამოიყენა ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ცხადია, ჩვენ დარწუნებულები ვართ, რომ ევროპული სასამართლო მთავარობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩვენი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს“, - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა