სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

დაცვის მხარე კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა. ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა