კობა გვენეტაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო - მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში წარიმართა, მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები, ყოფილი ბანკირები, აკადემიური წრეებისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდგომ იმართება და ის იმ ძირითადი თემების გარშემო დისკუსიას ეთმობა, რომლებიც აღნიშნული შეხვედრების დროს განიხილეს. წლევანდელი დისკუსიის მთავარი თემა იყო - ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია Covid -19 პანდემიის საპასუხოდ: გამოწვევები განვითარებადი ეკონომიკებისთვის. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამოწვევებსა და ინფლაციური რისკების განეიტრალებაზე ისაუბრა. კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მოქმედი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო და აღნიშნა, რომ საქართველოში, მიუხედავად პანდემიის ზეგავლენით მკვეთრად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნისა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა შეზღუდა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობა გვენეტაძის თქმით, ქართული ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის ფონზე გაცვლითი კურსის გაუფასურება, მიწოდების ჯაჭვების რღვევა და ერთეულ პროდუქციაზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი კომპანიებს ფასების ზრდისკენ უბიძგებს. ამას, წლის დასაწყისიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთი საქონლის მკვეთრი გაძვირება ემატება. აღნიშნულ ფაქტორთა ინფლაციურ მოლოდინებზე არასასურველი ზეგავლენის ასარიდებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცრა.

„ სიტყვით გამოსვლის დასასრულს, კობა გვენეტაძე, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების კოორდინაციის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, მოკლევადიან პერიოდში, გადაუდებელი საჭიროებებისკენ მიზნობრივად მიმართული ფისკალური ხარჯვა იმის მყარ ნიადაგს შექმნის, რომ, ინფლაციური რისკების განეიტრალების შემდგომ, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ შემცირდეს მის ნეიტრალურ დონემდე.

აღსანიშნავია, რომ 5 - 14 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეხვედრაში, მათ შორის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, ასევე, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველების შეხვედრაში. კობა გვენეტაძე სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს და მისიის სხვა წევრებსაც შეხვდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა